ევროპარლამენტი საქართველოში არსებულ ვითარებაზე მორიგი რეზოლუციის მისაღებად ემზადება.
საქართველოს შესახებ მოხსენება და რეზოლუციის პროექტი ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა ევროპის სახალხო პარტიიდან, რასა იუკნევიჩიენემ მოამზადა.
რეზოლუციის პროექტში ღრმა მწუხარება გამოთქმულია იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყნისთვის მინიჭებული ისტორიული შესაძლებლობა და განიცადა რეგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.
რეზოლუციის პროექტი გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს სახალხო პროტესტის ჩახშობისკენ მიმართული დრაკონული კანონმდებლობა; ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიმართ პოლიტიკის დაუყოვნებელი და ყოვლისმომცველი აუდიტის აუცილებლობას, მათ შორის ასოციაციის შეთანხმების იმპლემენტაციის განხილვის საჭიროებას.
„იმეორებს, რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვევს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ასოცირების შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიების პირობით შეჩერება“, — ნათქვამია დოკუმენტში.
იუკნევიჩიენეს რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი:
გმობს იმ ფაქტს, რომ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები, პარლამენტის წევრები და ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედია რეგულარულად ავრცელებს მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს ევროკავშირის და ევროინტეგრაციის შესახებ;
იმეორებს თავის პოზიციას, რომ არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით მიიღწევა, რაც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში და გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში;
არ ცნობს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლებას 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ; წუხს, რომ საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი შეუთავსებელია პლურალისტურ საპარლამენტო დემოკრატიასთან.
იმეორებს თავის მოწოდებას კომისიისა და საბჭოს მიმართ, გადახედონ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით, თუ შესაბამისი კრიტერიუმები და დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების სტანდარტები არ არის დაცული.
„ევროკავშირის მიერ ჯერჯერობით მიღებული ზომები არ ასახავს საქართველოში არსებული მდგომარეობის სიმძიმეს“, — ნათქვამია რეზოლუციის პროექტში, რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, შეკრიბოს თანამოაზრე წევრი სახელმწიფოები და ორმხრივ და კოორდინირებულ რეჟიმში გადალახოს სანქციების დაწესების დაბრკოლებები.
რეზოლუცია მოუწოდებს, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საყრდენებს ადმინისტრაციაში, ბიზნესში, მედიაში, მართლმსაჯულების სისტემაში და სამართალდამცავ ორგანოებში.
რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული მოხსენება განიხილეს დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე და დეპუტატებმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან მზადყოფნა გამოთქვეს, პროექტში შესწორებები შეიტანონ. ამისთვის მათ დრო აქვთ 24 აპრილამდე, კომიტეტზე კენჭისყრა კი 4-5 ივნისს გაიმართება.
