ევროკავშირის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შემაძრწუნებელი ნაბიჯია ტოტალიტარული მომავლისკენ – სწორედ არალეგალური ბუნება ანიჭებს მათ რეალურ ძალას
“რაც უკან ბრუნდება: ევროკავშირის კანონის ფარგლებს გარეთ მოქმედი სანქციების რეჟიმი”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი, პასკალ ლოტასი, რომელიც განიხილავს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ამას ტოტალიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
“ალტერნატიული მედიის სივრცეში მოღვაწე ბევრი ჩვენგანისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ 15 დეკემბერს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში შეიყვანა აღიარებული ანალიტიკოსი, პოლიტიკური კომენტატორი და შვეიცარიის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი ჟაკ ბო. იგი ერთ-ერთი იყო რამდენიმე ახლად დასანქცირებულ პირს შორის (მათ შორის, მაგალითად, პოპულარული ფრანგი ჟურნალისტი ქსავიე მორო). ბო უკვე მეორე შვეიცარიელია, რომელსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. 2025 წლის ივნისში ევროკავშირმა განაცხადა, რომ სანქციებს დაუწესებდა ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლ შვეიცარიელ-კამერუნელ აქტივისტს, ნატალი იამბს.” – წერს ლოტასი.
მისი განცხადებით, ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრა დამანგრეველი მოვლენაა იმ პირებისთვის, ვისაც ეს ეხება, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ისინი ცხოვრობენ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ან მჭიდროდ ასოცირებულ სახელმწიფოში, როგორიცაა შვეიცარია, ნორვეგია ან გაერთიანებული სამეფო. ეს ნიშნავს, რომ სანქციების სიაში შეყვანილ ადამიანებს ბანკები უყინავენ ანგარიშებს, საკრედიტო კომპანიები აუქმებენ ბარათებს, მათ ეკრძალებათ ევროკავშირთან აფილირებულ კომპანიებთან ან კერძო პირებთან ხელშეკრულებების გაფორმება, ხოლო ევროკავშირის ტერიტორიაზე არცერთ ბიზნესს არ აქვს უფლება მათთან რაიმე სახის ურთიერთობაზე.
“თეორიულად, ეს იმასაც კი ნიშნავს, რომ მათ ეკრძალებათ პურისა და სხვა აუცილებელი საარსებო საშუალებების შეძენა. გარდა ამისა, მრავალი საერთაშორისო კომპანია წყვეტს მათთვის ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევას – მათ შორის, საფოსტო სერვისები, სოციალური მედიის პლატფორმები და სხვა. შვეიცარიული ბანკებიც კი ყინავენ ან აუქმებენ ანგარიშებს, შიშის გამო, რომ ევროკავშირის რეგულაციებთან შეუსაბამობის შემთხვევაში თავად არ აღმოჩნდნენ პრობლემების წინაშე.” – ვკითხულობთ სტატიაში.
არის თუ არა ევროკავშირის მოქალაქეებსა და რეზიდენტებზე დაწესებული სანქციები უკანონო? – ლოტასი აღნიშნავს, რომ 2026 წლის იანვრის დასაწყისისთვის ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაში 59 კერძო პირი ფიგურირებდა. “თავდაპირველად, ეს მექანიზმი გამოიყენებოდა მხოლოდ რუსი ბიზნესმენებისა და რუსეთში მცხოვრები პირების წინააღმდეგ (რაც, ჩემი შეფასებით, უკვე მაშინვე პრობლემური იყო), თუმცა 2024 წლიდან ევროკავშირმა სანქციების გამოყენება პოლიტიკური იარაღის სახით დაიწყო განსხვავებული აზრისა და დისიდენტური პოზიციების ჩასახშობად.” – წერს პასკალ ლოტასი.
ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ სანქცირებულს, იამბს, სანქციები უმთავრესად დაუწესდა აფრიკაში საფრანგეთის ნეოკოლონიალური პოლიტიკის წინააღმდეგ მისი აქტივიზმის გამო, ხოლო ჟურნალისტ ჰუსეინ დოგრუს – პალესტინის მხარდამჭერი აქტივიზმისთვის. აღსანიშნავია, რომ იმ მოკლე განმარტებებში, რომლებიც ამ პირების სანქცირებულთა სიაში შეყვანის საფუძვლად არის მითითებული, რუსეთთან კავშირში მყოფი საქმიანობის მცირე ფრაგმენტიც კი არ არის მოყვანილი.
“ბუნებრივია, თავისუფალ და ლიბერალურ საზოგადოებაში, რომელიც სამართლის უზენაესობის პრინციპს ეფუძნება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოქალაქეებსა და რეზიდენტებზე დაწესებული სანქციები უკანონო უნდა იყოს. ხომ ასეა? სინამდვილეში, ევროპარლამენტარმა მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა მოითხოვა სპეციალური ანგარიშის მომზადება, რომლის დასკვნა ამ საკითხზე უკიდურესად მკაფიოა: ანგარიშის თანახმად, სანქციები არღვევს ევროკავშირის მოქმედ სამართალს ინდივიდუალური თავისუფლებების დაცვის სფეროში,” – წერს ლოტასი.
თუმცა, მისი თქმით, აქ ვაწყდებით პრობლემას: მიუხედავად იმისა, რომ სანქციები უდავოდ არღვევს ევროკავშირის სამართლის გარკვეულ ნორმებს, არსებობს ევროკავშირის სხვა სამართლებრივი საფუძვლებიც, რომლებიც საბჭოს ამგვარი ზომების მიღების უფლებას აძლევს. პროცედურულად, ევროკავშირი არ სცდება საკუთარ კომპეტენციებს, ვინაიდან, სანქციები არ განიხილება შიდა სამართალდაცვით ღონისძიებად, არამედ საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებად.
საგარეო პოლიტიკა, შიდა მიზნებისთვის – ასე აფასებს ავტორი ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას.
“ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებში არ არსებობს კანონები, რომლებიც კრძალავს იმ საქმიანობას, რასაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში შეყვანილი პირები ეწეოდნენ. პირიქით — ამ საქმიანობათა დიდი ნაწილი, მათ შორის სამოქალაქო აქტივიზმი (ნატალი იამბი), ჟურნალისტიკა (ჰუსეინ დოგრუ) და გეოპოლიტიკური ანალიზის გამოქვეყნება (ჟაკ ბო), პირდაპირ არის დაცული როგორც ფუნდამენტური თავისუფლება. სწორედ ეს არის საკვანძო მომენტი. რადგან ჩადენილი ქმედებები დანაშაულს არ წარმოადგენს, მათ მიმართ დაწესებული სანქციები არც სასამართლო ზომებია. თავად ევროკავშირიც ამას პირდაპირ აცხადებს სანქციების განმარტებით გვერდზე,” – წერს ლოტასი.
მისი განცხადებით, ევროკავშირმა შეძლო ისეთი სისტემის შექმნა, რომლის ფარგლებშიც აღმასრულებელი ხელისუფლება, საგარეო პოლიტიკის მექანიზმების გამოყენებით და ფორმალურად კანონიერად, საკუთარი მოქალაქეების ქცევას „არასასურველად“ აცხადებს და მათ წინააღმდეგ წარმოუდგენლად მკაცრ ზომებს აწესებს ყოველგვარი სასამართლო პროცესისა და გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე. ყველაფერი, რასაც ბო, იამბი, დოგრუ და სხვები აკეთებდნენ (და კვლავაც აკეთებენ), ევროკავშირში სრულად კანონიერია. თუმცა, ევროსაბჭოს აქვს უფლებამოსილება, მათზე იძულებითი ზომები დააწესოს, რათა „წაახალისოს“ ქცევის შეცვლა და რადგან წევრი სახელმწიფოები ხელშეკრულებებით ვალდებულნი არიან, ევროკავშირის სანქციები განახორციელონ, დაზარალებულ პირებს შიდა სასამართლოებში სამართლებრივი დაცვის საშუალება პრაქტიკულად არ რჩებათ.
“რა მიღწევაა. ევროკავშირმა ფარულად მოახერხა საკუთარი წევრი სახელმწიფოების სამართლებრივი გარანტიების გვერდის ავლა, რომლებიც მოქალაქეებს თვითნებური პოლიტიკური დევნისგან უნდა იცავდეს.” – ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორის თქმით, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ თუნდაც მაშინ, როდესაც ევროკავშირის სასამართლო (ECJ) ადგენს, რომ საბჭომ არასწორი დასაბუთება გამოიყენა (ანუ ბრალდებები ტყუილია), ევროსაბჭოს ნებისმიერ დროს შეუძლია უბრალოდ ხელახლა ჩასვას პირები სიაში შესწორებული დასაბუთებით. შემდეგ, დაზარალებულებისთვის სამართლებრივი ცირკი თავიდან იწყება, რადგან მათ ახალი საქმის შეტანა ევროპის სასამართლოში უწევთ. მაგალითად, ეს დაემართათ პეტრ ავენს და მიხაილ ფრიდმანს, ორ რუს ბიზნესმენს, რომლებმაც 2024 წელს მოიგეს საქმე ევროკავშირის საბჭოს წინააღმდეგ, მაგრამ დღემდე რჩებიან სანქციების სიაში შესწორებული დასაბუთებით. ევროკავშირის საბჭოს ფაქტობრივად აბსოლუტური და უსასრულო ძალაუფლება აქვს იმის შესახებ, თუ ვის დაეკისრება სანქციები.
“დასანქცირებული პირების მიერ ევროკავშირის სასამართლოსთვის მიმართვის უფლება მეტწილად მხოლოდ ფორმალური „ლეღვის ფოთოლია“, რომელიც აჩვენებს, რომ თითქოს არსებობს სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა,” – წერს პასკალ ლოტასი.
ის მიიჩნევს, რომ სანქციების გამოყენება საკუთარი მოქალაქეების მიმართ, “იარაღის შინისკენ მიმართვას” წარმოადგენს.
“მინდა შემეძლოს იმის თქმა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დასავლური ინსტიტუტი ასეთ ბინძურ ხრიკს მიმართავს სამოქალაქო საზოგადოებაზე. მაგრამ ეს ასე არ არის. როგორც ნატალი იამბმა ჩემს ინტერვიუში აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნები და აშშ ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ სანქციებს აფრიკასა და სხვაგან აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე არალეგალური ზეწოლის განსახორციელებლად. სინამდვილეში, ეს სტანდარტული ნეოკოლონიური ქცევაა.
სწორედ ამიტომ არ შეგვიძლია სანქციებზე საუბარი ევროპის გადაუჭრელი კოლონიური აზროვნების პრობლემის გადაჭრის გარეშე. აშშ-ც იყენებს სანქციებს, როგორც ინსტრუმენტს კანონიერი ქცევის შესაჩერებლად, მაგალითად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პერსონალზე თავდასხმით ან, ბოლო დროს, ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის, ფრანჩესკა ალბანეზეს წინააღმდეგ სანქციებით.” – წერს პასკალ ლოტასი.
“დემოკრატიის ევროკრატიული სიკვდილი” – სტატიის ამ თავში, ლოტასი გამოთქვამს იმედს, რომ “დამღუპველი სანქციების რეჟიმის” წინააღმდეგ სახალხო აჯანყება მოხდება.
“ერთადერთი იმედი, რაც მაქვს, ამ დამღუპველი სანქციების რეჟიმის წინააღმდეგ, სახალხო აჯანყებაა. პოლიტიკურ რეპრესიებს პოლიტიკური პასუხები სჭირდება. თუმცა, ამ ჯინის ბოთლში დაბრუნებას დიდი დრო დასჭირდება. ეროვნულ დონეზეც კი, წევრი სახელმწიფოები, როგორც ჩანს, საკმაოდ კმაყოფილები არიან ახალი ინსტრუმენტით.
ფლორიან ვარვეგმა, მამაცმა გერმანელმა ჟურნალისტმა, რომელიც ადრე ჩემს შოუში იყო, 17 დეკემბერს ფედერალურ პრესკლუბში (Bundespressekonferenz) თავისი მთავრობის წარმომადგენლებს ჟაკ ბოს საქმისა და მისი კანონიერების შესახებ ჰკითხა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მარტინ გიზესგან მიღებული თავდაჯერებული პასუხი გვეუბნება იმის უმეტეს ნაწილს, რაც უნდა ვიცოდეთ იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ეს ნაცრისფერი ბიუროკრატები თავიანთ ქმედებებს და რა არის მათი განზრახვა: “(…) ადამიანები, რომლებიც ასეთ რამეებს აკეთებენ, შეიძლება სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ, თუ არსებობს სამართლებრივი საფუძველი და თუ არსებობს ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს მოხდა ამ ორშაბათს, ეს კვლავ მოხდება, ეს მოხდა წარსულში და ყველამ, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, უნდა ელოდოს, რომ ეს შეიძლება მათაც დაემართოთ.
(…) ყველას, ვინც არ ეთანხმება მათ სანქცირებას, აქვს ყველა შესაძლო სამართლებრივი საშუალება, რომ გაასაჩივროს იგი. მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ საბჭოში და ასევე, საქმე ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში შეიტანონ.” – განაცხადა გიზემ.
რა აშკარა დაშინების მცდელობაა. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ პირდაპირ აღიარებას ჰგავს, რომ კიდევ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. ბოლოს და ბოლოს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სანქციებს წმინდა ფორმალური გაგებით აქვთ სამართლებრივი საფუძველი და დაზარალებულებს მართლაც შეუძლიათ მიმართონ იმ ინსტიტუტს, რომელმაც მიიღო სანქციების შესახებ გადაწყვეტილება და მის რეზინის შტამპიან სასამართლოს, რომელიც მხოლოდ ფორმალობებს ამოწმებს. ძალიან სამართლიანად გამოიყურება, არა?
აი, ასე კვდება დემოკრატია (ისევ). აღმასრულებელი ბრძანებულებით და ბიუროკრატიული თვითკმაყოფილებით. შეუდარებელია, ევროკავშირო.”- წერს პასკალ ლოტასი.



