ევროკავშირის მხარდაჭერილი ახალი პროექტის “REDI: სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით” პრეზენტაცია, ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანს, პროექტისა და მისი საქმიანობის ფარგლებში მოსალოდნელი სარგებლის დაინტერესებული მხარეებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაცნობა წარმოადგენდა.
„ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ციფრულ გამოფენასა და შემეცნებით აქტივობებს.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნა „დაბალანსებული ტერიტორიული განვითარების” ინიციატივის ფარგლებში, „ევროპის გუნდის” (TEI) 2023 წლის ივნისში დაწყებული მიდგომა. აღნიშნული ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია REDI, რომელიც, ორი ევროკავშირის წევრი ქვეყნის – პოლონეთისა (სოლიდარობის ფონდი პლ (SFPL)) და ესტონეთის (ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA)) მიერ ხორციელდება.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტი “REDI” კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ციფრული წიგნიერების განვითარების გზით, ხელს უწყობს საქართველოს სოფლებსა და ქალაქებს შორის არსებული ციფრული უთანასწორობის შემცირებას, რაც ადგილობრივი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის საყოველთაო მიზნების მიღწევას ემსახურება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ღონისძიება აქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა გახსნა და აღნიშნა, რომ პროექტი REDI მოქალაქეებს უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ამის ერთ-ერთი გზა სწორედ მოქალაქეების ჩართულობის და ინკლუზიურობის ხელშეწყობაა. 2024 წელს, ეს ნიშნავს გაციფრულებაზე მუშაობას და მოქალაქეთა წვდომას დემოკრატიულ პროცესებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. პროექტი REDI მოქალაქეებს უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფს. ჩვენ ვცდილობთ, შევამციროთ ციფრული უთანასწორობა საქართველოს სოფლებსა და ქალაქებს შორის. REDI არის ევროპის გუნდის ინიციატივის ნაწილი დაბალანსებული ტერიტორიული განვითარებისთვის. ევროპის გუნდის მიდგომის მეშვეობით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აერთიანებენ ძალებს საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ”,- აღნიშნა ნიკოლას სენდროვიჩმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს სოლიდარობის ფონდის პლი-ის (SFPL), ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) და ესტონეთისა და პოლონეთის საელჩოების წარმომადგენლებმა.
„ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, გურიის რეგიონში ახალგაზრდა და სამოქალაქო ლიდერები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ციფრულ გამოფენაზე სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში როგორიცაა, ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობა VR სათვალეების მეშვეობით, რობოტიკის ვორქშოფი, დრონების შოუ, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების შესახებ ვიქტორინები და ასევე მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის მხარდაჭერა როგორ უწყობს საქართველოს რეგიონებში გაციფრულების პროცესს ხელს.
ევროკავშირის შესახებ:
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/
პროექტის შესახებ:
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „REDI” სამიზნეს წარმოადგენენ მოწყვლადი ჯგუფები, მცირე და საშუალო საწარმოები და მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის მეჩხერად დასახლებულ რეგიონებში, სადაც 200-მდე სოფელში საჯარო სივრცეებში განთავსდება ინტერნეტთან წვდომის წერტილები და შეიქმნება ციფრული სოფლის ჰაბები, ამასთანავე, ხელი შეეწყობა ადგილობრივი მოსახლეობის ციფრული უნარების განვითარებას. პროექტს ახორციელებენ სოლიდარობის ფონდი პლ (SFPL) და ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.