ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
სააგენტო dpa-ს წყაროების თანახმად, დიპლომატებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები ვერ შეთანხმდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის არჩევა ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, თუ ყოველ 2.5 წელიწადში.
მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, თანამდებობას მეორე ვადით, კიდევ 5 წლით, შეინარჩუნებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა.
ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე ფავორიტი კანდიდატია ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, ხოლო პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანტონიო კოსტას კანდიდატურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე განიხილება.
ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მორიგი შეხვედრა მომავალი კვირის ბოლოს გაიმართება, სადაც ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის კანდიდატების საკითხს კვლავ განიხილავენ.