ევროკავშირის კანდიდატის ახლად მინიჭებული სტატუსი დადებითად აისახება თბილისის უძრავი ქონების ფასებზე – Galt&Taggart

2023 წლის ნოემბერში პირველადი ბაზრის ფასებმა განაგრძეს მცირედი თვიური ზრდა, ხოლო მეორად ბაზარზე ახალი პროექტების ფასებს თვიურად კლების ტენდენცია ჰქონდათ. ასევე მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ახლად მინიჭებული სტატუსი დადებითად აისახება თბილისის უძრავი ქონების ფასებზე უახლოეს მომავალში.
Galt&Taggart-ის უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 2023 წლის ნოემბერში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო ღირებულებამ 239.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.1%-იანი კლებაა და გამოწვეულია გაყიდვების შემცირებით.
მიუხედავად ამისა, 2023 წლის 11 თვეში ჯამური ბაზრის ზომა წლიურად 10.4%-ით გაიზარდა 2.7 მილიარდ აშშ დოლარამდე. ეს ზრდა ძირითადად გამოწვეულია პირველად ბაზარზე ფასების მატებით, რაც აკომპენსირებს გაყიდული ბინების რაოდენობის კლებას.
2023 წლის ნოემბერში თბილისში საშუალო ბინის (50- 60 მ2) ქირის ფასმა შეადგინა 11.4 აშშ დოლარი მ2 -ზე (+6.6% წ/წ). აღსანიშნავია, რომ ქირა 2023 წლის მარტიდან, როდესაც მან პიკს მიაღწია, დღემდე 5.4%- ით არის შემცირებული. მოსალოდნელია, რომ ქირის ეტაპობრივი შემცირება უახლოეს მომავალში ისევ გაგრძელდება.
2023 წლის პირველ 11 თვეში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 37.1%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, მნიშვნელოვანი ზრდა საბურთალოსა და ისანში (+142.2% და +164.8% წ/წ, შესაბამისად). საბურთალოს რაიონში ზრდა დაკავშირებულია უნივერსიტეტის/მინდელის ქუჩებსა და ლისის მიდამოებში გაზრდილ პროექტებთან.

ასევე დაგაინტერესებთ