ევროკავშირის დიპლომატიის ყოფილი ხელმძღვანელი სკანდალის გამო გადადგა ევროპის კოლეჯის რექტორობიდან

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ყოფილმა ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ ევროპის კოლეჯის რექტორის თანამდებობა დატოვა თაღლითობის თაობაზე გამოძიების ფონზე, იტყობინება Reuters-ი მოგერინის განცხადებაზე დაყრდნობით.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროპის პროკურატურამ მოგერინის და კიდევ ორ პირს შესყიდვებთან დაკავშირებული თაღლითობისა და კორუფციის ბრალდება წაუყენა. გამოძიება ეხება ევროკავშირის დაფინანსებით ახალგაზრდა დიპლომატების მომზადებას. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება ტენდერს, რომელშიც ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურმა ევროპის კოლეჯი შეარჩია 2021–2022 წლებში.
სქემაში ჩართული სამი თანამდებობის პირი 2 დეკემბერს დააკავეს და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. მოგერინის ადვოკატმა Reuters-ს განუცხადა, რომ მოგერინი უარყოფს დანაშაულს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
სააგენტომ ასევე გაეცნო ევროკავშირის უფროსი დიპლომატის, სტეფანო სანინოს წერილს, რომელიც ასევე ფიგურირებს ამ საქმეში. წერილში მან განაცხადა, რომ ამ თვის დასაწყისში თანამდებობას დატოვებს და დასძინა, რომ არ მიიჩნევს მიზანშეწონილად გამოძიების ფარგლებში სამსახურის გაგრძელებას. მან გამოთქვა რწმენა, რომ „ყველაფერი გაირკვევა“.
2014 წლიდან 2019 წლამდე მოგერინი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლიდან იგი ევროპის კოლეჯის რექტორია, რომელიც ევროკავშირის დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი სამაგისტრო სკოლაა.