ევროკავშირის დელეგაცია ვაშინგტონში განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხს. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან სააგენტოები Bloomberg-ი და AFP.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 სექტემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ კვირის ორშაბათს ან სამშაბათს აშშ-ში ჩავლენ ევროპელი ლიდერები, თავად კი უახლოეს დღეებში საუბარს გეგმავს პრეზიდენტ პუტინთან. აშშ-ის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპმა ისიც განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების „მეორე ეტაპზე“ გადასასვლელად.
სააგენტო AFP ევროკავშირის ინფორმირებულ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიუსელის დელეგაციას უხელმძღვანელებს სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან განიხილავს რუსეთის საწინააღმდეგო ახალი სანქციების კოორდინირებულად ამოქმედების შესაძლებლობას.
ამჟამად ევროკავშირი ამზადებს სანქციების ახალ, მე-19 პაკეტს, რომელიც Bloomberg-ის ინფორმაციით, უნდა შეეხოს კიდევ რამდენიმე რუსულ ბანკს და ენერგოკომპანიას, საკრედიტო ბარათებს და კრიპტოვალუტის ბირჟას. გათვალისწინებულია რუსული ნავთობით ვაჭრობის კიდევ უფრო შეზღუდვაც. უკვე მოქმედი სანქციებისთვის გვერდის ავლის გამო ევროკავშირი განიხილავს ზომებს ყაზახეთის წინააღმდეგ.
შეერთებულ შტატებს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ რუსეთისთვის ახალი, პირდაპირი სანქციები აღარ დაუწესებია. ამასთან, ტრამპმა რუსული ნავთობის შეძენისთვის საბაჟო გადასახადი გაუზარდა ინდოეთს.
უკრაინის ხელისუფლება დასავლეთს მუდმივად მოუწოდებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამკაცრებისკენ, რათა კრემლს ომის დასრულება აიძულონ.
რუსეთის ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ სანქციები პრობლემას არ უქმნის. დღეს ეს გაიმეორა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, რომელმაც ტელეგრამ-არხ „იუნაშევ ლაივს”-ს უთხრა, რომ დასავლეთის სანქციებს არანაირი ეფექტი არ ჰქონია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამდე დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებდა.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან აღადგინა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეწყვეტილი ურთიერთობა, პუტინს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა, 2025 წლის აგვისტოში კი ალასკის შტატშიც უმასპინძლა. ეს მოლაპარაკება უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია.
ფორუმი
