ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

როგორ მოვიპოვო ფინანსური მხარდაჭერა ჩემი კომპანიისთვის? როგორ გავიტანო პროდუქცია ევროკავშირის ბაზრებზე? – თუ ამ და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით სხვა კითხვებზე პასუხიები გაინტერესებთ, გაეცანით EU NEIGHBOURS east მიერ EU4Business პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში მომზადებულ მასალას, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისათვის საქართველოში. ეს არის EU4Business-ის ყველა იმ პროგრამის თავმომყრელი გზამკვლევი, რომელიც საქართველოშია ამჟამად ხელმისაწვდომი.
· როგორ მოვიპოვო ფინანსური დახმარება ჩემი კომპანიისთვის?
მცირე ბიზნესებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობა უმთავრეს გამოწვევათა შორისაა – სწორედ ამ საკითხის გადასაჭრელად EU4Business საქართველოში ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობს. ამგვარი თანამშრომლობის საფუძველზე მცირე და საშუალო საწარმოებს სესხის მიღების ისეთი გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორიცაა დაბალი საპროცენტო განაკვეთი, გრძელვადიანი გადახდის გრაფიკი და ფინანსებზე წვდომის გამარტივებული პროცედურები.
ევროკავშირის მხარდაჭერით გაცემული სესხები ხელმისაწვდომია საქართველოს წამყვან ბანკებში, რომელთა შორისაცაა: პროკრედიტ ბანკი, თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი, ტერაბანკი, ბაზისბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი. ეს ინსტიტუტები პირდაპირ თანამშრომლობენ ევროკავშირის პროგრამებთან, რომ მზარდ ბიზნესებს მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტები რაც შეიძლება მარტივად მიაწოდონ.
ხელმისაწვდომი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ დეტალური ინფორმაცია EU4Business-ის საქართველოსთვის განკუთვნილ ვებსაიტზე მოიპოვება.
ავეჯის კომპონენტების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ ევროკავშირის მხარდაჭერით მიღებული სესხით გაზარდა წარმოება და გააფართოვა საქმიანობა, რითაც ცხადად აჩვენა, რა სარგებელი მოაქვს მსგავს ფინანსურ დახმარებას.
· როგორ მივიღო რჩევები ჩემი კომპანიის საქმიანობის გასაუმჯობესებლად ან გასაფართოებლად?
ბიზნესის გასაფართოებლად ხშირად მხოლოდ დაფინანსება არ კმარა – ამ პროცესს სჭირდება სტრატეგიული ხელმძღვანელობა და პრაქტიკული ცოდნა. ამ მიზნით EU4Business ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესებს სთავაზობს ექსპერტულ კონსულტაციებსა და ტექნიკურ დახმარებას ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგი, ოპერაციები, ფინანსური ანგარიშგება, ხარისხის მართვა და ზოგადი სტრატეგიის დასახვა.
კომპანიები ამგვარ მხარდაჭერას იღებენ ისეთი მიზნობრივი პროგრამების საშუალებით, როგორებიცაა: „ქალები ბიზნესში“, რომელიც ქალ მეწარმეებს ბიზნესის გაზრდაში ეხმარება; „მცირე და საშუალო საწარმოების გაციფრულების მხარდაჭერა“, რომელიც ფოკუსირდება ციფრულ ტრანსფორმაციაზე; და „GEFF საქართველოში“, რომელიც მწვანე ეკონომიკაზე დაფუძნებულ საკონსულტაციო მომსახურებებს გასცემს. ეს პროგრამები მეწარმეებს შესაბამის სფეროში გამოცდილ კონსულტანტებთან აკავშირებს, რაც მცირე და საშუალო საწარმოებს ოპერაციული ბარიერების გადალახვასა და ზრდის პოტენციალის სრულად გამოყენებაში ეხმარება.
ეკო-მეგობრული დიზაინის ქართულმა კომპანიამ ექსპერტული რჩევები EU4Business-ის შუამდგომლობით მიიღო, რის შედეგადაც პროდუქტის ხარისხი გააუმჯობესა და ბაზარზე პოზიციები გაიმყარა.
· არსებობს თუ არა კონკრეტულად ქალ მეწარმეებზე მორგებული პროგრამები?
დიახ, არსებობს – ევროკავშირი სხვადასხვა სპეციალური პროგრამის მეშვეობით აქტიურად უჭერს მხარს ქალ მეწარმეებს საქართველოში. ამ ინიციატივების მიზანია, ფინანსებზე წვდომის, მენტორობის, ტრენინგის და ბიზნესის განვითარების სერვისების შეთავაზებით დაეხმაროს ქალების მიერ მართულ მცირე და საშუალო საწარმოებს გენდერული ნიშნით განპირობებული გამოწვევების გადალახვაში.
„ქალები ბიზნესში“ პროგრამის მეშვეობით, მეწარმეები თავიანთი საწარმოების გასავითარებლად და კონტაქტების სიის გასაფართოებლად საჭირო მხარდაჭერას იღებენ. ისეთი პროგრამები კი, როგორიცაა „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ (IA2M) და „მცირე და საშუალო საწარმოების გაციფრულების მხარდაჭერა“, ქალების მიერ მართულ ბიზნესებს კონკურენტუნარიანობისა და ციფრული საქმიანობის გაძლიერებაში ეხმარება. იმავდროულად, პროექტები, „მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება“ და „QUIS – უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება“, ხელს უწყობს მდგრადობასა და ხარისხის სტანდარტების დანერგვას ქალთა ხელმძღვანელობით მოქმედ ბიზნესებში.
მეტის გასაგებად ან მხარდაჭერის მისაღებად, შეგიძლიათ, პირდაპირ დაუკავშირდეთ აღნიშნული პროგრამების განმახორციელებელ პარტნიორებს.
ევროკავშირის ინიციატივების მხარდაჭერით, ქართველი მეღვინე ქალები მოძველებულ სტერეოტიპებს დაუპირისპირდნენ და მეღვინეობის სფეროში წარმატებას მიაღწიეს.
· სად შემიძლია შევიტყო ევროკავშირში ექსპორტის შესახებ?
ევროკავშირის ბაზარზე შესვლა მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას მოითხოვს – მაგრამ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს აქვთ შესაძლებლობა, ამ გზაზე დახმარება მიიღონ. EU4Business კომპანიებს სთავაზობს სპეციალურ მხარდაჭერას, რომელიც მათ ექსპორტისთვის მომზადებაში დაეხმარება – განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა სურსათი, დიზაინი და მსუბუქი მრეწველობა.
ისეთი პროგრამები, როგორებიცაა „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ (IA2M) და „QUIS – უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება“, კომპანიებს პროდუქტის ხარისხის, შეფუთვისა და სერტიფიცირების მიმართულებით ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად საჭირო პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობს. მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ექსპერტების რჩევები სამართლებრივ და პროცედურულ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ექსპორტიორთა მხარდასაჭერად ხელმისაწვდომია პრაქტიკული გზამკვლევების ფართო სპექტრი, მათ შორის: „ექსპორტის სამართლებრივი საკითხების სახელმძღვანელო“, DCFTA-ის ვებსაიტი და ონლაინკურსი „ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლები“. ეს რესურსები იძლევა ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ეტიკეტირება, პროდუქტის უსაფრთხოება და საბაჟო დოკუმენტაცია.
თხილის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელს საქართველოში, Nuts.ge, ადგილობრივად წარმოებული თხილის სხვადასხვა პროდუქტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ექსპორტზე. EU4Business-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამის, „კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის“, მხარდაჭერით, კომპანიამ წარმოება ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოიყვანა, რითაც საექსპორტო შესაძლებლობებისა და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდა შეძლო.
· არსებობს თუ არა სპეციალური პროგრამები სოფლის მეურნეობის ან საკვები პროდუქტის მწარმოებელი ბიზნესებისთვის?
დიახ, არსებობს – სოფლის მეურნეობისა და საკვების წარმოების სექტორები საქართველოში EU4Business-ის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებებია. ფერმერებისა და აგრობიზნესებისთვის ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი პროგრამები, რომლებიც მათ პროდუქტიულობის ზრდაში, სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი მდგრადი პრაქტიკების დანერგვაში ეხმარება.
ისეთი ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა GREEN („გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა“) და „მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება“, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები ოპერაციების მოდერნიზაციისა და კლიმატისადმი მდგრადი ბიზნესმოდელების შესაქმნელად მიზანმიმართულ მხარდაჭერას იღებენ. CAPCA-სა და PROGRESS-ის მსგავსი სხვა პროექტები კი მდგრადი სოფლის მეურნეობის, ეკო-სერტიფიკაციისა და მწვანე უნარების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
დამატებით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერა უშუალოდ კონცენტრირდება სურსათის უვნებლობის სისტემების გაძლიერებასა და სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე, რაც საერთაშორისო ბაზრებზე წვდომისთვის უმნიშვნელოვანესი არის.
დამატებითი ინფორმაციისთვის და იმის გასაგებად, აკმაყოფილებს თუ არა თქვენი მცირე ან საშუალო საწარმო მხარდაჭერის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს, გთხოვთ, პირდაპირ დაუკავშირდეთ აღნიშნული პროგრამების განმახორციელებელ პარტნიორებს.
· როგორ შეუძლიათ თბილისის გარეთ არსებულ კომპანიებს მხარდაჭერის მიღება?
EU4Business მტკიცედ უჭერს მხარს ინკლუზიურ და დაბალანსებულ ეკონომიკურ განვითარებას საქართველოს არა მხოლოდ მსხვილ ქალაქებში, არამედ, ყველა რეგიონში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლებს, სადაც ბიზნესი ხშირად აწყდება ისეთ უნიკალურ გამოწვევებს, როგორიცაა ბაზრებზე, ინფრასტრუქტურაზე ან კვალიფიციურ მუშახელზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა.
პროგრამების, „მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება“, „მწვანე გურია“ და ENPARD IV, მეშვეობით სოფლად მომუშავე მეწარმეებს ფინანსური მხარდაჭერა, ტრენინგი და წარმოების მოდერნიზებისთვის საჭირო დახმარება მიეწოდება. ამასთან, ისეთი ინიციატივები, როგორიცაა EU4ITD, სოფლის ეკონომიკის გააქტიურებასა და დედაქალაქის გარეთ მეწარმეობის წახალისებას უწყობს ხელს.
EU4Business-EBRD-ის პროგრამის, „ქალები ბიზნესში“, მხარდაჭერით, ქართულმა ეკო-მეგობრულმა ტანსაცმლის ბრენდმა, „ლიდერმა“ საქმიანობა რეგიონებში გააფართოვა და იძულებით გადაადგილებული ქალებისათვის სამუშაო ადგილები შექმნა. პროექტი საზოგადოების ნაკლებად დაცულ წევრებს უნარების განვითარების, ადგილობრივი წარმოებისა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფით დაეხმარა.
· არსებობს თუ არა ტურიზმის სექტორში მომუშავე ბიზნესებისთვის განკუთვნილი პროგრამები?
ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია, EU4Business კი ამ მიმართულებით მომუშავე ადგილობრივ მეწარმეებს პოტენციალის სრულად რეალიზებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლის და ეკოტურიზმის მიმართულებით მოქმედ ბიზნესებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივი განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პროცესში.
ისეთი პროგრამები, როგორიცაა EU4ITD, ტურიზმის სფეროში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს სთავაზობს ბიზნესის განვითარების სერვისებს, მენტორობას, ბრენდინგის მიმართულებით მხარდაჭერასა და მიკრო-გრანტებს. ამგვარი დახმარება ბიზნესებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში, ძლიერი ციფრული იდენტობის ჩამოყალიბებასა და ტურიზმის ისეთი მდგრადი მოდელების დანერგვაში ეხმარება, რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველია საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
2024 წელს საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ ესპანეთში, უნგრეთსა და ესტონეთში EU4BCC-ის ფარგლებში განხორციელებული სასწავლო ვიზიტების მეშვეობით შეძლო, დაეხვეწა ადგილობრივი ტურისტული ბიზნესების მხარდაჭერის უნარი.
· არსებობს თუ არა მხარდაჭერის პროგრამები IT და ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის?
დიახ, არსებობს – EU4Business აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მზარდ ეკოსისტემას. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავს სტარტაპებს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ძალა აქვს, პროგრამა მათ სთავაზობს როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას, რაც ციფრული და ტექნოლოგიური მიმართულებით მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს საქმიანობის გაფართოების საშუალებას აძლევს.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ განხორციელებული საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების და ინოვაციების ეკოსისტემის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სტარტაპებს აქვთ წვდომა კაპიტალდაბანდებებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ბიზნეს-კონსულტაციებზე. მათ ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, დაამყარონ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან და ინოვაციურ ჰაბებთან. ეს არა მხოლოდ ზრდის შესაძლებლობას იძლევა, არამედ – ევროპული და გლობალური ღირებულების ჯაჭვებში ინტეგრაციისაც.
იმის განურჩევლად, პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებთ, ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობთ თუ ციფრულ პლატფორმებს ქმნით, EU4Business-ს შეუძლია, თქვენი სტარტაპის სწრაფად განვითარებაში დაგეხმაროთ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებს.
ისეთი ქართული სტარტაპები, როგორიცაა „ტელაგრი“, რომელიც ფერმერებს კონსულტაციებისთვის დარგის წამყვან სპეციალისტებთან აკავშირებს, EU4Business-ის მხარდაჭერას კავშირების დასამყარებლად და ზრდისა და ინოვაციის ხელშესაწყობად იყენებენ.
· შემიძლია თუ არა მივიღო ტრენინგი ევროკავშირში ექსპორტის შესახებ?
დიახ, შეგიძლიათ. ევროკავშირში ექსპორტისთვის საჭიროა ბაზრის მოთხოვნების, სერტიფიცირების სტანდარტებისა და ლოჯისტიკური პროცესების საფუძვლიანი ცოდნა – EU4Business სწორედ ამაში დაგეხმარებათ. ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ მრავალფეროვან ტრენინგებს, რომლებიც მათ ექსპორტისთვის საჭირო ცოდნას მისცემს და უნარებს გამოუმუშავებს.
ისეთი ინიციატივების მეშვეობით, როგორებიცაა „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ (IA2M) და „ქალები ბიზნესში“, ბიზნესები ონლაინსემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და სტრუქტურირებული ტრენინგების საშუალებით იღებენ პრაქტიკულ მხარდაჭერას. ეს პროგრამები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ბაზრის კვლევა, ექსპორტის დოკუმენტაცია, ფასწარმოქმნის სტრატეგიები და საერთაშორისო მარკეტინგი.
იმის განურჩევლად, ახლა იწყებთ ევროკავშირის ბაზრებზე გასვლას თუ უკვე ექსპორტის გასაფართოებლად ხართ მზად, ეს ტრენინგები პროცესის თავდაჯერებულად გავლაში დაგეხმარებათ. დაუკავშირდით პროგრამის განმახორციელებელ ინიციატივებს, რათა გაიგოთ იმ უახლესი შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც თქვენი ბიზნესის მიზნებს შეესაბამება.
· სად შემიძლია ხელმისაწვდომ მხარდაჭერაზე ინფორმაციის პოვნა?
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ინფორმაცია ახალ დაფინანსებაზე, ტრენინგებსა თუ დაგეგმილ ღონისძიებებზე, თქვენ შეგიძლიათ:
· ეწვიოთ EU4Business-ის ვებგვერდს საქართველოზე: https://eu4business.ge
· გამოიწეროთ EU4Business-ის საინფორმაციო ბიულეტენი: https://eu4business.eu/
· იაქტიუროთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და შესაბამისი პროგრამების განმახორციელებელი პარტნიორების (GIZ, EBRD თუ ITC) სოციალური მედიის პლატფორმებზე და გახდეთ მათი ელექტრონული ფოსტის მიმღებები
· დაამყაროთ კონტაქტი ადგილობრივ ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან და კლასტერებთან, რომლებიც ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებით შეთავაზებულ შესაძლებლობებზე
· გახდეთ EU NEIGHBOURS East-ის ბიულეტენის გამომწერი უახლეს შესაძლებლობათა შესახებ ინფორმაციის მისაღებად
ასევე შეგიძლიათ, გადახვიდეთ EU4Business-ის პროექტების გვერდზე და გაიგოთ, ამჟამად რა პროგრამები ხორციელდება საქართველოში.