ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ანტონიუ კოშტას და ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სამმხრივი შეხვედრის შედეგად გავრცელდა ერთობლივი პრესრელიზი, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს.
“კოშტამ და ფონ დერ ლაიენი მიესალმნენ სომხეთის ამბიციურ რეფორმების დღის წესრიგს და გამოხატეს მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული რეფორმების მიმართ.
შეხვედრისას ლიდერებმა მოიწონეს ევროკავშირისა და სომხეთის ახალი პარტნიორობის დღის წესრიგის ტექსტზე მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, რაც მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ურთიერთობების გაღრმავების გზაზე. ასევე დადებითად შეფასდა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და სომხეთის მიერ „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონის მიღება.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცე ერთგულება სომხეთის მდგრადობისა და გრძელვადიანი განვითარების მხარდაჭერისადმი — მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით. „Global Gateway“-ის სტრატეგიის ფარგლებში მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ინვესტიციებმა სომხეთში 2.5 მილიარდ ევროს მიაღწიოს, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ზრდას და კავშირების განვითარებას.
ევროკავშირის 270 მილიონი ევროს მოცულობის მდგრადობისა და ზრდის გეგმა, რომელიც 2024 წლის აპრილში გამოცხადდა, ევროკავშირის მიერ სომხეთის დაფინანსებას 50%-ით ზრდის. აქედან 200 მილიონი ევრო გამოყოფილია გრანტების სახით, ხოლო 70 მილიონი — საინვესტიციო მიზნების მისაზიდად. ეს დაფინანსება მხარს უჭერს სომხეთის სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებს, სექტორულ თანამშრომლობასა და ინვესტიციებს ენერგეტიკაში, ტრანსპორტსა და კერძო სექტორში.
ამ კონტექსტში, ევროკავშირმა მხარდაჭერა გამოხატა სომხეთის ინიციატივისადმი — „მშვიდობის გზაჯვარედინი“ — რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული თანამშრომლობისა და შერიგების ხელშეწყობას. კოშტამ და ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნეს სომხეთის ძალისხმევა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცებისკენ, კერძოდ, აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებისა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სომხეთის რეგიონულ და ეკონომიკურ ინიციატივებში ჩართვის შესაძლებლობებს, განსაკუთრებით შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში. მათ მადლობა გადაუხადეს სომხეთს სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისთვის და შეთანხმდნენ კოლექტიური ძალისხმევის გაგრძელებაზე ამ მიმართულებით.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. ლიდერებმა მოიწონეს ევროკავშირსა და სომხეთს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე დაწყებული კონსულტაციები და ხაზი გაუსვეს მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიული მდგრადობისადმი ერთობლივ ერთგულებას.
განსახილველ თემებს შორის იყო საინფორმაციო მანიპულაციები, გარე ჩარევა, დეზინფორმაცია და კიბერმუქარები. ევროკავშირმა შესთავაზა სომხეთს ერთობლივად იმუშაონ საჭიროებების შეფასებაზე, პრიორიტეტების განსაზღვრასა და ევროკავშირის არსებული ინსტრუმენტების გამოყენებაზე. ევროკავშირმა ასევე გამოაცხადა ახალი 1.5 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი სომხეთში დამოუკიდებელი მედიის გასაძლიერებლად.
ევროკავშირის ლიდერები მიესალმნენ სომხეთში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტისა და ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა 17-ე კონფერენციის ჩატარებას.
შეჯამებისას, ლიდერებმა აღნიშნეს, რომ დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში და მოწოდება გააკეთეს შემდგომი პროგრესისკენ ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.”
