ვწუხვართ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დაშორების გამო, ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, სადაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას აზიარებს.
„ევროკავშირის კარი ღია რჩება. ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასიც.
“ჩვენ ქართველი ხალხის, და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით ვდგავართ.
ჩვენ ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას და ასევე ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე.