ევროკავშირის გაფართოებაზე საქართველოს შესახებ ანგარიში გამანადგურებელია – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩენსკი ამბობს, რომ ბოლო ერთ წელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა ქვეყანა დააშორა ევროკავშირის გზას. მან „გამანადგურებელი“ უწოდა 2025 წლის ანგარიშს, რომელიც ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოს შეეხება.
მისი თქმით, ანგარიში მწვავე შინაარსისაა, რადგან ბოლო ერთ წელს: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის მიმართ მტრული რიტორიკა, დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები პერიოდულად ვრცელდებოდა. ამავდროულად, საკანონმდებლო ცვლილებებმა, სისტემურმა რეპრესიულმა ქმედებებმა სამოქალაქო სივრცესა და მედიის დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენა, ხოლო სამართალდამცავი სისტემების მხრიდან ძალის გადამეტება სრულიად დაუსჯელი იყო.
„ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რატომ ვამზადებთ გაფართოების ანგარიშს, როდესაც გაფართოების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და როდესაც მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ისინი არ არიან დაინტერესებული დაიწყონ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით თითქმის ოთხი წლის განმავლობაში.
მიზეზი ნათელია, გაფართოება ტრანსფრომაციული პროცესია, რომელიც მიღწევებზეა დაფუძნებული და ანგარიში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება არის შესაძლებლობა შევაფასოთ, რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის გზაზე. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის კარები საქართველოსთვის ღია რჩება იმ პირობით, რომ ხელისუფლება გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს“, – თქვა ელჩმა.
მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ დაახლოების ნაცვლად დაშორდა:
„ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, წლევანდელი ანგარიშს წარმოდგენა მარტივი არ არის. სამწუხაროდ, ანგარიშს დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის.
სიმართლე ის არის, რომ საქართველო დღეს ევროკავშირის წევრობისგან იმაზე ბევრად შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო, როცა მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ბოლო წლის განმავლობაში უკუსვლის დონე აბსოლუტურად უპრეცედენტოა“.
დღეს, 4 ნოემბერს გასაჯაროვდა ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშის შინაარსი, რომელშიც ასახულია „სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო“.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველო ერთადერთია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის, რომელსაც რეგრესი – და მნიშვნელოვანი რეგრესი – აქვს ევროკავშირის წევრობის გზაზე.
„ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, – თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება… ახლა მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა“, – თქვა მან.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშილი, რომელიც ამავდროულად არის სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, აკრიტიკებს ევროკავშირს საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული დასკვნის გამო.
„გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, მსგავსი უსამართლო, მიკერძოებული, ანტიდემოკრატიული, ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიდრეკილი და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთში შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას