ევროკავშირისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გაზარდოს ოპტიმიზმი, მნიშვნელოვანია მოსახლეობას სჯეროდეს ხვალინდელი დღის – გიორგი კეპულაძე

„კანდიდატის სტატუსი, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ჩვენ გაგვეხსნება გზა ახალი დაფინანსების წყაროებისკენ და ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება პოზიტიურად შეიცვლება“ – ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ისაუბრა, კეპულაძის თქმით, საქართველო არ არის ჩამორჩენილი ქვეყანა, რომელსაც მოლდოვა და ომის პირობებში მყოფი რეფორმების კუთხით ჯობია, ასევე ის ოპტიმიზმიც, რომელიც საზოგადოებაში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გაჩნდა შეუძლებელია, რომ არ აისახოს ბიზნესზე.
„დაფინანსების წყაროების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყნის მოსახლეობას სჯეროდეს ხვალინდელი დღის და არ იყოს აპათიაში და პესიმიზმში. ინფლაციის და უმუშევრობის გარდა მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადამიანები გარბიან ქვეყნიდან. წელიწადში დაახლოებით 100 000 ადამიანი გარბის და ძირითადად მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ხვალ რა იქნება არ იციან. შესაბამისად კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გაზარდოს ოპტიმიზმი და დაამარცხოს პესიმიზმი, თუმცა ეს არ არის მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე დამოკიდებული და ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა რა თქმა უნდა ეს ცალსახად არის უაღრესად დადებითი ფაქტორი მორალურად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად , რაც ქვეყნის ეკონომიკაზე აუცილებლად აისახება. ერთი ეს არის დაფინანსების წყარო და მეორეს მხრივ არის იმედი, რომ ევროპა არ მიგვატოვებს და თუ ჩვენ კარგად მოვიქცევით და ქართული საზოგადოება იქნება მოწოდების სიმაღლეზე ის აუცილებლად მიაღწევს ევროკავშირის წევრობას“ – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.