ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO–მ თბილისსა და სიღნაღში, ნუშისა და ზეთისხილის მწარმოებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა

ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO–მ თბილისსა და სიღნაღში, ნუშისა და ზეთისხილის მწარმოებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა
2024 წლის 26-28 აგვისტოს, ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ნუშისა და ზეთისხილის მწარმოებლებისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა თბილისსა და სიღნაღში. სურსათის უვნებლობის პრაქტიკული და თეორიული მასტერკლასები ქვეყანაში არსებული საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეიქმნა. FAO-მ ღონისძიება სოფლის განვითარების სააგენტოსა და ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით განახორციელა. ტრენინგის მიზანია, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვაში საქართველოს ნუშისა და ზეთის ხილის სექტორების მხარდაჭერა და ამგვარად, ევროკავშირსა და მის ფარგლებს მიღმა საექსპორტო შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა.
საგანმანათლებლო სესიებს, საჯარო და კერძო სექტორის 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგს FAO-ს ნუშისა და ზეთისხილის საერთაშორისო ექსპერტი, ხუან ოლივარესი უძღვებოდა. მან ნუშისა და ზეთისხილის წარმოებასა და გადამუშავებაზე ჩაატარა პრეზენტაციები, გაუძღვა დისკუსიებს და გააზიარა გამოცდილება და პრაქტიკული უნარები. ტრენინგი ევროკავშირის „ფერმიდან-ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან თანხვედრაშია და სოფლის მეურნეობის კომპლექსური სტანდარტებისა და ევროკავშირის სურსათის უვნებლობისა და ბიოუსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისი დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივის გზამკვლევს წარმოადგენს.
საგანმანათლებლო შეხვედრებზე FAO-ს საერთაშორისო ექსპერტმა, ნუშისა და ზეთისხილის ბაღების მართვასა და HACCP სისტემაზე ისაუბრა. ზეთისხილის მწარმოებლებისთვის კი პირველად წარმოებასა და მოსავლის აღების შემდგომ გადამუშავებაში ევროკავშირის სტანდარტებისა და გამოცდილების დანერგვით, ზეთისხილის ზეთის ხარისხის გაუმჯობესებაზეც გამახვილდა ყურადღება.
ტრენინგის მიღმა, FAO-ს საერთაშორისო ექსპერტმა რამდენიმე ბაღი და გადამამუშავებელი საწარმოც მოინახულა, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და საქართველოში ნუშისა და ზეთისხილის წარმოებისა და გადამუშავების ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა.
“ევროკავშირი ნუშისა და ზეთისხილის მწარმოებლების შესაძლებლობების გაზრდას, ქართველი მომხმარებლისთვის უფრო მეტად მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდებასა და ევროპის ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას უჭერს მხარს. სურსათის უვნებლობის სტანდარტების ინსტიტუციონალიზაცია პროდუქტის ექსპორტის მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო კომპანიების შემოსავალს ზრდის, რაც თავის მხრივ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს აჩენს ადგილობრივი სპეციალისტებისთვის”, განაცხადა დენის რაისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა.
“სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიული სტანდარტების გაუმჯობესება სარგებლის მომტანია ქართველი მომხმარებლებისთვის და ასევე იმპორტიორი ქვეყნების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაც, რაც ქართული ნუშისა და ზეთისხილის სექტორების პოტენციალის რეალიზებას უზრუნველყოფს და მათ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის ეკონომიკურ მამოძრავებელ ძალებად ჩამოაყალიბებს. ევროკავშირის მხარდაჭერით, აღნიშნული პროცესის დასაჩქარებლად, FAO-მ 670 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მწარმოებელს, საჯარო სექტორის წარმომადგენელსა და სტუდენტს უკვე ჩაუტარა შესაბამისი ტრენინგი. ასეთი საგანმანათლებლო სესიები ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ინდუსტრიისთვის ფუნდამენტურ რესურსებს წარმოადგენს და FAO აქტიურად განაგრძობს ამ ტიპის აქტივობების მხარდაჭერას“, ამბობს FAO-ს პროგრამის მენეჯერი, გუიდო აგოსტინუჩი.
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshirisakartveloshi/
Პროექტის შესახებ
ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.
ინფორმაციას FAO ავრცელებს