ევროზონაში უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა

Eurostat-ის ანგარიშის თანახმად, აპრილის თვეში ევროზონაში უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews.com-ი აქვეყნებს.
მარტის თვესთან შედარებით, უმუშევრობა 0.1%-ით, 6.4%-მდე შემცირდა. მანამდე ევროზონაში უმუშევრობის დონე 6.5%-ზე ხუთი თვის განმავლობაში იყო შენარჩუნებული.
უმუშევრობის დონე აპრილში 14.1%-მდე შემცირდა 25 წლამდე ასაკის პირებში. მარტში ამ ასაკის კატეგორიაში მაჩვენებელი 14.3%-ს უდრიდა.
უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალ ნიშნულზე კვლავ ესპანეთშია – 11.7%, მეორე ადგილზეა საფრანგეთი, სადაც მოსახლეობის 7.3%-ია სამუშაოს გარეშე. მეორე მხრივ, ევროზონის ქვეყნებს შორის უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით – 3.2%, გერმანია გამოირჩევა.
ჩეხეთის ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ევროზონაში უმუშევრობის დონის ისტორიულ მინიმუმამდე ვარდნა ძირითადად საბერძნეთსა და ესპანეთში მდგომარეობის გამოსწორების დამსახურებაა. ათი წლის წინ უმუშევრობის დონე ორივე ქვეყანაში 25%-ზე მაღალი იყო, თუმცა მას შემდეგ სტაბილურად და შესამჩნევად მცირდება.

ასევე დაგაინტერესებთ