“ევროზე ცუდად ვითამაშე, ეს ტურნირი წარუმატებელია” – მბაპეს ახლა მხოლოდ დასვენება სჭირდება

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი “მამლების” ლიდერმა კილიან მბაპემ გააკეთა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე მხოლოდ 1 გოლი და ისიც პენალტით გაიტანა.
“მათ ჩვენზე უკეთ ითამაშეს. ადრევე გავუშვით ორი გოლი. მეორე ტაიმში მატჩში დაბრუნების შანსი გვქონდა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.
რატომ ვითამაშე ნიღბის გარეშე? – ეს გადაწყვეტილება თამაშის წინ მივიღეთ. დავიღალე ნიღბით და ექიმს ვკითხე, შემეძლო თუ არა მის გარეშე ასპარეზობა. მითხრა, რომ შემეძლო გამეკეთებინა ის, რაც სწორად მიმაჩნდა.
ტურნირი წარუმატებელია, მინდოდა ევროპის ჩემპიონი
გავმხდარიყავი. წელიწადი გავიდა და მსურს დასასვენებლად წავიდე. ცუდად ვითამაშე და სახლში მივდივართ – ეს მარტივია. ნამდვილად მჭირდება დასვენება. ამის შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყება” , – ციტირებს მბაპეს ფაბრისიო რომანო.
ინფორმაციისთვის, მბაპეს პრეზენტაცია “რეალში” 16 ივლისს გაიმართება.