ევრობარომეტრის კვლევა, რომლითაც EU-ს მიმართ ნდობა შემცირებულია, GORBI-მ ჩაატარა

ევრობარომეტრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, გასული წლის შემოდგომიდან ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში 9%-ით შემცირდა და 49% შეადგინა,GORBI-ს ჩატარებულია – ინფორმაციას Civil.ge ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, GORBI-მ გამოცემას დაუდასტურა, რომ ევრობარომეტრის კვლევა საქართველოში მათ ჩაატარეს.
GORBI სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციაა, რომელიც სამთავრობო მედია იმედისთვის წინასაარჩევნო ეგზიტპოლებს ატარებს.
ევრობარომეტრის გაზაფხულის კვლევის საველე სამუშაოები საქართველოში 2025 წლის 27 მარტიდან 17 აპრილამდე ჩატარდა, იქამდე კი უკანასკნელი კვლევა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მონაცემებს ასახავდა. კვლევის ფარგლებში საქართველოში 1011 რესპონდენტი გამოიკითხა.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირს საქართველოში ევროკავშირს გამოკითხულთა 49% უფრო მეტად ენდობა, 37% მიდრეკილია უნდობლობისკენ, 14%-ს კი პასუხი არ აქვს.
ამასთანავე, შემცირებულია იმ ქართველების წილიც, ვისთვისაც ევროკავშირს დადებითი იმიჯი აქვს – შემოდგომაზე ასეთი 47% იყო, გაზაფხულზე კი – 37%. ახლა 47% ამბობს, რომ ევროკავშირს ნეიტრალურად უყურებს, 14% – ცუდად.
ამის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობა კარგი იქნება საქართველოსთვის. ასე ფიქრობს გამოკითხულების 60%, მაგრამ შემოდგომაზე იმავე აზრზე 69% იყო.
ამასთან, მოსახლეობის 75% ფიქრობს, რომ საქართველო სარგებელს მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანებისგან. გასული წლის მაჩვენებელი 82% იყო.