„ევოლუშენი“ საქართველოში მუშაობას დროებით აჩერებს

„ევოლუშენ საქართველო“ მუშაობას დროებით აჩერებს. კომპანია ამ გადაწყვეტილებას ხსნის მის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტით გამოწვეული შედეგებით – „პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა“.
„ევოლუშენი“ კომპანიაა, რომელიც კაზინოებს სთავაზობს თამაშების ონლაინ წაყვანისა და უწყვეტი ტრანსლაციის სერვისს.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე გაფიცვის პირობებში, ევოლუშენმა მოახერხა ოპერირება შეფერხების გარეშე, თუმცა, ხუთშაბათს, 1-ლი აგვისტოდან, პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა. ეს მოცემულობა ცვლის ევოლუშენ საქართვგელოს გამართულად ოპერირების შესაძლებლობას. შესაბამისად, თუ მოცემული მგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპრაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში.
ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვახოციელებდით ინვისტიციას საქართველოში, ვთავაზობდით პირველი სამსახურის შესაძლებლობას ახალგაზრდებს გამოცდილების გარეშე. თუმცა, ამჟამად მდგომარეობა სამწუხარო რელობისკენ შეიცვალა, რაც გავლენას იქონიებს როგორც კომპანიაზე, ასევე, ევოლუშენის იმ ათასობით მოქმედ თანამშრომელზე, რომელსაც სურს მუშაობის გაგრძელება კომპანიაში.“, – წერია კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, „ევოლუშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 12 ივლისს გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს 4000-ზე მეტი დასაქმებული უერთდება. ათობით მოთხოვნას შორის ერთ-ერთი იყო იმ მენეჯერების გათავისუფლება, რომლებიც თანამშრომლების დაცინვაში იყვნენ შემჩნეული.
გაფიცვას წინ უსწრებდა 2 ივლისს “ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების ერთი ჯგუფის მიმოწერის გასაჯაროება ონლაინ მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ფეისბუკ გვერდზე. მიმოწერაში ისინი დასაქმებულებს კამერების საშუალებით აკვირდებიან და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებენ – დასცინიან დილერებს ფრჩხილის სიგრძის, ჩაცმულობის, წონის თუ კანის ფერის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ