„ევოლუშენის“ თანამშრომლების ნაწილი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა

კომპანი „ევოლუშენ საქართველოს“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. ისინი ხელფასების ზრდასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. კომპანიის დასაქმებულების შექმნილ პროფესიულ კავშირში, „ევოუნიონში“ ამბობენ, რომ გაფიცვას 4621 ადამიანი უერთდება.
საგაფიცვო პროცესი დღეს, 12 ივლისს, 12:00-ზე დაიწყო. მათმა ნაწილმა, სამუშაო ადგილები მუშაობის პროცესის მიმდინარეობისას დატოვა და გაფიცვას შეუერთდა. ასეთებს „ევოლუშენის“ ოფისთან შეკრებილები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ.
„ევოლუშენში“ დასაქმებულებმა კომპანიას 44 მოთხოვნა წაუყენეს. გაფიცვამდე მედიაციის პროცესიც მიმდინარეობდა, რომელიც 2024 წლის 4 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს შეთანხმების გარეშე დასრულდა.
გაფიცული თანამშრომლები ხელფასის 100%-იანი ზრდისა და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების გარდა მოითხოვენ:
· თამაშს დაემატოს წარმდგენებისა და ბანქოს მჩეხავებისთვის „თიფის“ დატოვების ფუნქცია;
· სამუშაო სივრცეში მიიყვანონ ექიმი და გახსნან სამედიცინო პუნქტი;
· მისცენ შესვენებით სარგებლობის უფლება სამი მაგიდის შემდეგ;
· გაუმჯობესდეს სტუდიებში ტემპერატურის კონტროლი;
· გაიზარდოს ნივთების შესანახი კარადების რაოდენობა და ყველა დასაქმებულს ჰქონდეს პერსონალური;
· აღიჭურვოს მონიტორები დამცავი ფარებით;
· უზრუნველყოს დამსაქმებელმა უნიფორმების და მაკიაჟის ხარჯი;
· დაემატოს კვების ობიექტი, საჭმლის შესანახი მაცივრები, გამოსაცვლელი და მოსასვენებელი სივრცეები;
· დაუშვან სათამაშო მაგიდაზე ხელსახოცები;
· გაორმაგდეს სამუშაო საათები რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების შესაბამის დღესასწაულებზე მუშაობის შემთხვევაში;
· საჩივრის წარდგენის სისტემა გამარტივდეს და სხვა.
კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა, დღევანდელი მონაცემებით, 7000-მდე თანამშრომელი ჰყავს. მათი საშუალო ასაკი 25 წელია. კომპანიაში უმეტესწილად სტუდენტები ან ისეთი ადამიანები არიან დასაქმებულნი, რომლებსაც ძირითადი სამსახურის გარდა, სურთ დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ. ისინი კვირაში სამი დღეს მუშაობენ. თავად ირჩევენ სამუშაო გრაფიკსაც. კომპანია ონლაინ-კაზინოებს ემსახურება, რაც გულისხმობს კაზინოებისთვის ლაივ-თამაშების წაყვანის მომსახურებას სპეციალურად მოწყობილი სტუდიებიდან. კომპანია ექვს შენობაშია განთავსებული. ოთხ მათგანში ის სტუდიებია მოწყობილი, საიდანაც ონლაინ-კაზინოების თამაშების ტრანსლირება ხდება.
სწორედ სტუდიებში დასაქმებული თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის, თამაშის წარმდგენები თუ ბანქოს მჩეხავები აკრიტიკებენ კომპანიას და ამტკიცებენ, რომ დასაქმებულებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ამბობენ, რომ სტუდიებში აქვთ ვენტილაციისა და ტემპერატურის კონტროლის პრობლემა, ხოლო შენობების საპირფარეშოებში ანტისანიტარიაა.
სოციალურ ქსელში ავრცელებენ ფოტოებს, რომელთა მინაწერის თანახმადაც, მათ სამუშაო ადგილებზე მწერები კბენენ. ხოლო სკამები, რომლებზეც ისინი სხედან, ხერხემლის პრობლემებს უქმნით. მათივე მტკიცებით, სამუშაო ადგილზე შეუძლოდ გახდომა, ნიშნავს, რომ ბონუსს ვეღარ მიიღებ. ამიტომ ცდილობენ, ცუდად ყოფნა არ შეიმჩნიონ.
კომპანია განმარტავს, რომ ქცევისა და თამაშის წესები საერთაშორისოდ დამტკიცებული სტანდარტია, რასაც მხოლოდ საქართველოში ვერ გადახედავენ, სამედიცინო საჭიროებებს კი მათ მიერ შეთავაზებული „ძალიან კარგი პირობით“ დაზღვევა უზრუნველყოფს.
„ევოლუშენი“ იმყოფებოდა სამედიაციო პროცესში. ჩვენ სრულად მივყევით კანონის მიერ დადგენილ პროცესს, რომლის განმავლობაშიც, სამწუხაროდ ვერ შევთანხმდით. თითოეული დაფიქსირებული მოთხოვნის შესახებ კომპანიის პოზიცია ეცნობა სამედიაციო პროცესის მხარეებს, მათ შორის ევო-კავშირის წევრებს. ამ ეტაპზე დეტალების განხილვისგან თავს შევიკავებთ”, – აცხადებენ კომპანიაში.
დასაქმებულების პროტესტს წინ უსწრებს „ევოლუშენ საქართველოს“ მენეჯერების ჩათის მიმოწერების გავრცელება, სადაც ჩანს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება დასაქმებულებისადმი. ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ე.წ. თიმ მენეჯერები კამერებში აკვირდებიან დასაქმებულებს და დასცინიან მათ, ფრჩხილის სიგრძის, წონის თუ კანის ფერის გამო. მტკიცებულებები ონლაინ-პლატფორმა „მაუწყებელმა“ გაავრცელა.
„ევოლუშენ საქართველო“ ოფიციალური განცხადებით გაემიჯნა, მენეჯერების შიდა მიმოწერის შინაარსს. განცხადებაში ეწერა, რომ ასეთი ქმედებები მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, და „დაწყებულია შესაბამისი მოქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და მიიღონ უმკაცრესი ზომები“.

ასევე დაგაინტერესებთ