„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა

პირველადი ჯანდაცვის უმსხვილესმა ქსელმა „ევექსმა“ თბილისში ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი გახსნა. 6 დეკემბრიდან, ბახტრიონის 10ბ-ში მდებარე ცენტრი „კარავი“ ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებს ნეიროგანვითარებით, ქცევით თუ ემოციურ სირთულეებზე ორიენტირებულ თერაპიულ მომსახურებებს შესთავაზებს.
„ევექსის“ მისიაა მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზება ჯანსაღი მომავალის შესაქმნელად. ამჯერად, კომპანია ბავშვთა ასაკის მენტალური სფეროს გამოწვევების მიმართულებით ვითარდება და „კარავის“ სახით, ბავშვებისა და მოზარდებისთვის ქმნის მშვიდ, მყუდრო და დაცულ სივრცეს, რათა ხელი შეუწყონ მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს.
„კარავი“ იქნება ადგილი, სადაც ერთ სივრცეში მოიყრის თავს ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის საჭირო ყველა სერვისი. ცენტრში იფუქციონირებს ხელოვნებისა და მუსიკის, ფიზიკური და სენსორული, მეტყველების და ქცევითი თერაპიის მიმართულებები.
„კარავის“ გუნდს სჯერა, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია, სწორედ ამიტომ დარგის წამყვანი სპეციალისტებით დაკომპლექტებული საუკეთესო მულტიპროფილური გუნდი იზრუნებს, რომ თითოეული ბავშვისთვის შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომა და პროცესი კომპლექსურად წარიმართოს. ეს კი გულისხმობს საწყის ეტაპზე ბავშვის მდგომარეობის დიაგნოსტიკას, ხოლო შემდგომ პერსონიფიცირებული გეგმის შედგენასა და მკურნალობის წარმართვას.
ცენტრში თერაპიული პროცესები ჩატარდება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფურად. ბავშვები საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ კომბინირებული თერაპიების სერვისის მიღებას, რაც გულისხმობს ერთი თერაპიული სესიის ფარგლებში რამდენიმე სხვადასხვა პროფილის სპეციალისტის ჩართულობას.
აღსანიშნავია, რომ ცენტრი იმუშავებს არა მხოლოდ ბავშვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე, არამედ ,,კარავში“ იფუნქციონირებს „მშობელთა სკოლაც“, სადაც მშობლები მიიღებენ მონაწილეობას საგანამანათლებლო და მხარდამჭერ აქტივობებში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მშობლების სტრესის ხარისხის შემცირებას და მათ სამუშაო პროცესში აქტიურ ჩართულობას.
ბავშვთა ნეიროგანვითარების ახალი ცენტრი ერთდროულად 400-მდე ბავშვისა და მოზარდისთვის ხარისხიან, კლინიკურად გამართულ, სანდო და სრულფასოვანი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელსაც კვალიფიციური სპეციალისტებით, განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამებითა და ინოვაციური, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომების გაზიარებით შეძლებს.
ცენტრს უხელმძღვანელებს ტატა ბაზღაძე, რომელიც არის ექიმი-ფსიქიატრი და აქვს ბავშვებთან და მოზარდებთან 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
რაც შეეხება „კარავის“ ინფრასტრუქტურას, ის თბილისის ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე, ბახტრიონის 10ბ-ში მდებარეობს და განლაგებულია 5 სართულზე, ხოლო თერაპიული, სენსორული და სადიაგნოსტიკო კაბინეტები აღჭურვილია უახლესი თანამედროვე ინვენტარით.