,,ევგენი აფრასიძემ 7 გასროლით მოკლა თავისი სიძე, ბაბუაჩემი და სამი შვილი ობლად დაუტოვა ბედს” – რა ისტორიას ყვება აფრასიძეების ბიძაშვილი?

აფრასიძეების ბიძაშვილი, ნინო კუბლაშვილი სოციალურ ქსელში თავისი ოჯახის მძიმე ამბავზე წერს, რომლის მთავარი ანტიგმირი ევგენი აფრასიძეა:
,,აფრასიძეების „საქმენი საგმირონია“
მინდა გაგიზიაროთ ისტორია რომელზეც არასოდეს ვსაუბრობ საჯაროდ, ამაზე საუბარი არ არის მარტივი არც ჩემთვის და მითუმეტეს დედაჩემისთვის. ერთადერთი მიზეზი რატომაც ამ ისტორიას საჯაროდ ვწერ, არის ის რომ უსამართლო სახელმწიფოში კიდევ ერთი მკვლელების ოჯახი არ ცნონ დაზარალებულად და არ აქციონ გმირებად.
დედაჩემი – ლიანა პირველი დაბადებული აფხაზეთში 1958 წელს
ძმა – გურამ პირველი (1962 – 2002)
და – ნუნუ პირველი (1960 – 1986)
მამა – ვანო (ივანე) პირველი
დედა – ბარბარე (ბაბრი) აფრასიძე
დედაჩემი ბიძა – ევგენი აფრასიძე
დედაჩემის ბიცოლა – დოდო სიდიანი (ევგენი აფრასიძის ცოლი, ეხლა რომ მონაწილეობს კომისის გამოკითხვაზე)
ბიძაშვილები – ომეხი, შმაგი, გოჩა აფრასიძეები
ევგენი აფრასიძემ 1964 წლის 16 ივნისს ტრიალ მინდორზე, ტყიდან „კაცურად“ 7 გასროლით ადგილზე მოკლა საკუთარი სიძე ვანო პირველი (ბაბუაჩემი).
მოგეხსენებათ ქართული აზროვნების ფენომენი, რომელიც ყველანაირ მკვლელობას უძებნის გამართლებას, (არაერთი კომეტარი დამიწერეს იმასთან დაკავშირებით რომ ალბათ ბაბუაჩემი ავიწროვებდა ბებიაჩემს და ძმამ ჯავრი იყარა სიძეზე), სინამდვილეში კი ბაბუაჩემის მკვლელობა მოყვა ოჯახურ კამათს, თუ რატომ დაეხმარა სამშენებლო მასალებით ბიძაშვილს, რომელსაც წყალი ჩამოსდიოდა სახლში, რის შემდეგაც გულმოსული ბებიაჩემი წავიდა მშობლების სახლში და შესჩივლა ძმას საკუთარ ყოფაზე.
წავიდა და 3 შვილი ობლად დაუტოვა ბედს.
ბაბუაჩემის მკვლელობიდან მალევე, გადმოცემით ვიცით (ამიტომ მტკიცებას ვერ დავიწყებ) რომ ევგენი აფრასიძემ საკუთარი მამა მოკლა იმის გულისათვის, რომ მამამისი პასუხს სთხოვდა ჩადენილ დანაშაულზე.
ევგენი აფრასიძეს ყოველთვის მფარველობდა სახელმწიფო, ამიტომაც მან სამართლებრივად პასუხი არ აგო არცერთ დანაშაულზე.
პირველი მკვლელობის დღეს, გზად გაიტაცა დოდო სიდიანი რომელიც ცოლად მოიყვანა, ეს არის ქალბატონი აწ უკვე, დოდო აფრასიძე დღეს რომ დაზარალებულად ასაღებს თავს. ეს არის ქალი რომლისთვისაც სხვისი ოჯახების, სხვისი შვილების ხოცვა არაფერს წარმოადგენდა, ეს არის ქალი რომელიც იმ სპეცოპერაციას უწოდებს უდანაშაულო ადამიანების ჩახოცვას. (სპეცოპერაციის დეტალებს მე არ დავწერ, ამაზე თავად გასცეს სახელმწიფომ პასუხი, თუ როგორ გაუხსნეს ცეხლი, და რატომ ინახებოდა აფრასიძეების სახლში იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ სხვა ფორმით კრიმინალების დაჭერა).
არსებობს ასეთი ადამიანი, ვაჟა გავაშელი რომელმაც აფრასიძეებს ფილმიც კი მიუძღვნა სახელად- „დაგვიანებული ქორწილი“, 1980 წლის შემოდგომაზე დოკუმენტური ფილმი საზოგადოებრივი მაუწყებლის (1 არხი) საშუალებით გავიდა ტელე ეკრანზე. ვაჟა გავაშელი გახლდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელიც არაერთი ინფორმაციის გავრცელებით წლების განმავლობაში მფარველობდა აფრასიძეების კლანს. – ვისაც შესაძლებლობა აქვს, მოძებნეთ და დაუკავშირდით ამ არაკაცს.
წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება რომ სამართალს ეძებ, მამის მკვლელი რომ გინდა დაისაჯოს, ამ დროს კი ის თავისუფლად, სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ, აწიოკებს არაერთ ოჯახს, კლავს და ხოცავს ადამიანებს თავის შეხედულებების და ხასიათის მიხედვით, აწიოკებს და აყაჩაღებს ისედაც გაუბედურებულ დევნილებს, აყაჩაღებს და იტაცებს ჰუმანიტარულ დახმარებას განსაზღვრულს ხალხისთვის, ზრდის თავისნაირ კრიმინალებს და ბანდიტებს, როგორი „სამართლიანია“ ხომ ასეთი სახელმწიფო?!
წულუკიანის მოწყობილ შოუზე, ქალბატონი დოდო აფრასიძე დაზარალებული სახით რომ საუბრობს, იცის რომ ნორმალურ სახელმწიფოში თანამონაწილეოობისთვის და კრიმინალებზე ხელის დაფარებისთვის გაასამართლებდნენ? თუ თავადაც არ მიუღია არაერთი ადამიანის წამებაში მონაწილეობა. იცის რომ დაწყევლილია როგორც ქალი და როგორც დედა? თუ ჯერ არავის უთქვამს?
ლედი აფრასიძესთან მექნება კითხვა, დაზარებულის როლიდან რომ საუბრობს, მისი მორალისთვის სახელმწიფო მის წინაშე დამნაშავე რომ არის, როგორ ფიქრობს მისი მორალიდან, დედაჩემმა და მისმა და-ძმამ მორალურად დაიმსახურა ობლობა? მორალმა და სამართალმა მისცა უფლება მის ჯიშ და ჯილაგს ახალგაზრდა კაცი მოეკლათ? თუ მათი ჯიშის მორალია 3 შვილი ობლობისთვის გაიმეტო? მისი ჯიშის კაცობაა სხვას თავს დაესხა და მოკლა? მისი მორალი ფიქრობს რომ ხელშეუხებლები არიან? თუ ასეა, აქვე ვუპასუხებ, რომ საკუთარ უბედურებაზე ოჯახს მოსთხოვოს პასუხი.
ბრძოლა გინდათ? აუცილებლად მიიღებთ პასუხს. არ გასვენებთ ეშმაკი? პასუხად მიიღებთ სამართალს რომელიც სამუდამოდ დაგასრულებთ.
პირობას გაძლევთ, პასუხს აგებთ ჩემი ყველაზე პირველების – დედაჩემის, ბიძაჩემის და დეიდაჩემის ობლობისთვის, მათთვის დანგრეული ცხოვრებისთვის. ბიძაჩემის და დაიდაჩემის ხსოვნას მივუძღვნი თქვენ გასამართლებას!
წულუკიანო, შენ ხარ ყველაზე დიდი ნაძირალა საქართველოს ისტორიაში, კრიმინალები გინდა აქციო გმირებად და გმირები პიარის მსხვერპლებად? შენ ბოროტების ნაშიერო!!!! ამოწყდი კრიმინალებთან ერთად !!!!
ვინც ამ ამბავს წაიკითხავთ, გაიაზრებთ და ჩათვლით რომ უსამართლობას სიმართლით უნდა ვუპასუხოთ, გააზიარეთ ეს სტატუსი, რომ ხალხმა იცოდეს რა ბოროტებას იყენებს ეს გარეწარი ქალი თავისი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.”