ნატო-ს სამიტი წარმატებული იყო უკრაინისთვის, რადგან მან მიიღო ოფიციალური დადასტურება ალიანსისკენ მიმავალი გზის შეუქცევადობისა და მოკავშირეების მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის ვალდებულების გაზრდის შესახებ, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება უკრაინის უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გარანტიაა და მიაჩნია, რომ მოკავშირე ქვეყნებთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერისა და სამიტზე უკრაინის უსაფრთხოების კომპაქტის ხელმოწერის მიუხედავად, უკრაინას უსაფრთხოების რეალური გარანტია არ მიუღია. „კომპაქტი უკრაინელ სამხედროებს დიდ მხარდაჭერას, იარაღს და წვრთნას სთავაზობს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია არის [ნატო-ს წესდების] მე-5 მუხლი“, – აღნიშნა ედგარს რინკევიჩსმა.
ამასთან, მან დაასახელა პირობები, რომელიც კრემლს აიძულებს, მშვიდობისკენ მიმავალი გზის ძიება დაიწყოს. პირველ რიგში, ეს არის უკრაინისთვის ყველა საჭირო იარაღის მიწოდება; მეორე, მის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნა; მესამე, დასავლეთის მიერ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გაგრძელება; მეოთხე ნაბიჯი კი არის სამართლებრივი ვალდებულებები უკრაინის მიმართ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით.
„თუ რუსეთის ფედერაცია დაინახავს, რომ წარმატებულები ვართ, ის მშვიდობის ძებნას დაიწყებს“, – აღნიშნა რინკევიჩსმა და დასძინა, რომ ამჟამად რუსეთი არ არის დაინტერესებული, ამიტომ ნებისმიერი შეთანხმება შეუძლებელია.
