ბიულეტენების 24% ზე მეტი დამუშავების შედეგების მიხედვით, ვლადიმირ პუტინი ლიდერობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ელა პამფილოვას თქმით, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ხმების თითქმის 88% მოიპოვა.
სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, რუსეთის სამდღიან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 87%-ით მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმარჯვებს. კომუნისტური პარტიის ფრაქციის წევრმა ნიკოლაი ხარიტონოვმა მიიღო ხმების 4.6 პროცენტი, ვლადისლავ დავანკოვმა, პარტია „ახალი ხალხის“ წევრმა-4.2 %-ი და რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ლეონიდ სლუცკიმ-3 %-ი.
ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ტელეგრამის არხზე ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
· ვლადიმირ პუტინი, რომელიც რუსეთს 2000 წლიდან ხელმძღვანელობს, პრეზიდენტის პოსტზე მეხუთე ვადით იყრიდა კენჭს.
· დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ექსპერტები რუსეთში არჩევნებს არათავისუფალ და უსამართლო არჩევნებად აფასებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ერევა საარჩევნო პროცესში, უქმნის უპირატესობას სახელისუფლებო კანდიდატებს და ზოგ შემთხვევაში არჩევნები პირდაპირ ყალბდება.
· კენჭისყრა ასევე მიმდინარეობდა რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთის ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ ამ ტერიტორიებზე კენჭისყრის შედეგებს არ აღიარებენ.
· შაბათს გაეროში უკრაინის მისიამ გაავრცელა განცხადება, რომელსაც ხელს აწერს გაეროს თითქმის 60 წევრი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ არჩევნების ჩატარებას „გაეროს სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მისი თანხმობის გარეშე“: „მსგავს არჩევნებს არ აქვს იურიდიული ძალა საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
· არაერთი რუსი ოპოზიციონერი, მათ შორის იულია ნავალნაია, ვროპარლამენტის წევრებს და სხვა პოლიტიკოსებს მოუწოდებენ არ აღიარონ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და, შესაბამისად, პუტინის ლეგიტიმაცია.
· 17 მარტს, არჩევნების ბოლო დღეს, რუსეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ამომრჩევლების ნაწილი საარჩევნო უბნებზე ადგილობრივი დროით 12 საათზე მივიდა. საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო, მესამე დღეს მათ ხმა ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მისცეს.
დაწერეთ კომენტარი