ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლებმა ორშაბათს ეგვიპტეში დაიწყეს არაპირდაპირი მოლაპარაკებები აშშ-ის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც ღაზაში დამანგრეველი ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ გეგმასთან დაკავშირებით ბევრი გაურკვევლობა რჩება. მათ შორისაა ჰამასის განიარაღება – ისრაელის მთავარი მოთხოვნა – და ღაზის მომავალი მმართველობა. ტრამპმა მიანიშნა, რომ ღაზის შესახებ შეთანხმებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს, რამაც შეიძლება რეგიონი შეცვალოს.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ისრაელს დაბომბვის შეწყვეტა მოსთხოვა, ისრაელი განაგრძობდა საჰაერო დარტყმებს ღაზაზე, რის შედეგადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ტერიტორიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
ჰამასი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე, მათ შორის, ისრაელის ძალების ნაწილობრივ გაყვანაზე, ასევე მძევლების გათავისუფლებაზე ისრაელის პატიმრობაში მყოფი პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ.
ეგვიპტის სახელმწიფო გამოცემა „ალ-აჰრამის“ ცნობით, მოლაპარაკებებში ასევე ჩაერთვებიან ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, რომელიც ტრამპის პირველი ვადის დროს თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი იყო.
ეგვიპტეში მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, სწრაფად წარიმართება. მოლაპარაკების დაწყების წინ პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ომის შეწყვეტის შესახებ გასული კვირის ბოლოს „ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები“ გაიმართა ჰამასთან და მსოფლიოს ქვეყნებთან.
ტრამპის თანახმად, ორშაბათს ეგვიპტეში ტექნიკური ჯგუფები იკრიბებიან, რათა საბოლოო დეტალები დააზუსტონ და პირველი ეტაპი ამ კვირაში უნდა დასრულდეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მხარეებს სთხოვა, სწრაფად იმოქმედონ.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „მაქსიმუმ რამდენიმე დღით შემოიფარგლება“, თუმცა ჰამასის ზოგიერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ნანგრევებში დამარხული მძევლების ცხედრების მოსაძებნად შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეთ.
სექტემბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ღაზის სექტორში ომის დასრულების გეგმა და განაცხადა, რომ მას მხარს უჭერენ აშშ, ისრაელი და არაერთი სხვა ქვეყანა და მხოლოდ ჰამასის თანხმობაა საჭირო. 3 ოქტომბერს ჰამასმა განაცხადა, რომ ეთანხმება ტრამპის გეგმის ზოგიერთ პუნქტს და დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმა 20-პუნქტიანია. ის ითვალისწინებს ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ჰამასის მიერ ყველა მძევლის გათავისუფლებიდან 72 საათის განმავლობაში და ისრაელის მიერ ასეულობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას, ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანას, ჰამასის განიარაღებას და ღაზის სექტორში გარდამავალი მთავრობის შექმნას საერთაშორისო ხელმძღვანელობით. გეგმა გამორიცხავს ჰამასის მონაწილეობას ღაზის სექტორის მართვაში.
ფორუმი
