ეგვიპტემ სუეცის არხის შემოსავლიდან 7 მლრდ დოლარი დაკარგა

იემენელი ჰუსიტების საზღვაო თავდასხმების შედეგად წითელ ზღვაში შეფერხებებმა ეგვიპტეს სუეცის არხის 2024 წლის შემოსავლიდან 7 მლრდ დოლარი დააკარგვინა.
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ამდენად, მთავარი საერთაშორისო საზღვაო მარშრუტის, სუეცის არხის შემოსავალი 60%-ზე მეტად შემცირდა.
ეგვიპტის 380 მლრდ დოლარის ეკონომიკისთვის, რომლის ვალუტაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეკორდულად დაეცა, სუეცის არხი უცხოური ვალუტის შედინების სასიცოცხლო წყაროა.
2023 წელს სუეცის არხის ექსპლუატაციიდან ეგვიპტის შემოსავალმა 10 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
ცნობისთვის: ჰუსიტების თავდასხმები 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო. წითელ ზღვაში მზარდმა დაძაბულობამ მარშრუტი სამხრეთ აფრიკის კონცხისკენ შეცვალა, რის გამოც სავაჭრო გზა დაგრძელდა, ხოლო ტვირთის გადატანის ღირებულება (ფრახტი) გაძვირდა. კერძოდ, აზიიდან ევროპაში საქონლის მიწოდების დრო 10-15 დღით, ტრანსპორტირების ღირებულება კი 400%-ით გაიზარდა. თავად სუეცის არხზე 36%-ით ნაკლები გემი მოძრაობს, ხოლო ტვირთი 60%-ზე მეტად არის შემცირებული. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა გემების დაზღვევის ღირებულება, ასევე, გაიზარდა საწვავის ხარჯი და ეკიპაჟების დატვირთვა.
ბიზნესპრესნიუსი