2021 წელი – საქართველოში ავოკადოს ბაღის მოშენების მცდელობის კიდევ ერთი თარიღია. ეს მცდელობაც წინა მორბედის მსგავსად წარუმატებელი აღმოჩნდა. მცენარეული კულტურის 3 500-მდე ნერგი ესპანეთში Geonuts Company-ს დირექტორმა, ფერმერი რეზო ჩიტაძემ შეიძინა და მათი გახარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სცადა. ნერგების ნახევარი პირველივე წელს გახმა. სათანადო მოვლის მიუხედავად, ბაღის დარჩენილი ნაწილი შემდეგი 2 წლის განმავლობაში მოკვდა. ფერმერი რეზო ჩიტაძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ნერგების გახმობის მიზეზი ყინვა და ქარი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენმა ესპანელებისგან ყინვა გამძლე ჯიშის ნერგები შეიძინა, საქართველოს კლიმატი მათთვის მაინც მომაკვდინებელი აღმოჩნდა.
,,3 500-მდე ძირი ნერგი შევიძინეთ. საკმაოდ ძვირი გადავიხადე. დაახლოებით 12-14 ევრო. სამი წლის განმავლობაში ყველა ძირი გახმა. კლიმატური პირობებისა და ყინვის გამო ვერ შეეგუა ჩვენს პირობებს. ესპანელებმა გვითხრეს, რომ ავოკადოს ხე -7, -8 გრადუსამდე ყინვას გაუძლებდა. ნერგი კი -4, -5 გრადუსამდე, მაგრამ აღმოჩნდა ისე რომ -1 უკვე მომაკვდინებელი იყო მცენარისთვის. არის გამონაკლისი ტერიტორიები, სადაც შეიძლება ველურმა ჯიშმა და არა გამოყვანილმა გაიხაროს. მაგალითად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში არის რამდენიმე ძირი ავოკადოს ხე, მაგრამ იქ არის განსაკუთრებულ პირობებში. მთა-გორიანი ტერიტორიაა და აქ ყინვა ნაკლებად იცის. ისეთი ადგილია, რომ ნაკლებად არის ქარი. ავოკადოსთვის მარტო ყინვა არ არის მომაკვდინებელი. ქარიც ასევე ძალიან სტრესს აყენებს. თუ იქნება ისეთი ტერიტორია, რომელიც დაზღვეულია 0 გრადუსისგანაც კი და ქარისგანაც მთელი წლის განმავლობაში, შესაძლოა შანსი ჰქონდეს.”- აცხადებს ,,კომერსანტთან“ Geonuts Company-ს დირექტორი რეზო ჩიტაძე.
მსოფლიოში ავოკადოზე მოთხოვნა მზარდია. ბაზარზე შექმნილი ტენდენციით დაინტერესდნენ ებრაელები, რომლებიც მსოფლიოში ისეთ ტერიტორიებს ეძებენ, სადაც ავოკადოს გახარება და ნაყოფის მიღება შესაძლებელია. ძიების პროცესში ისინი საქართველოშიც იმყოფებოდნენ. საქართველოში ავოკადოს ბაღის გაშენების წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, მათ ტერიტორია შეისწავლეს და კვლევები ჩაატარეს. ებრაელების საბოლოო დასკვნით, საქართველოში ავოკადოს მოყვანა მხოლოდ სასათბურე პირობებშია შესაძლებელი.
,,მსოფლიოში ავოკადოზე მზარდი მოთხოვნის გამო ებრაელები ძალიან დაინტერესებულები არიან. ცდილობენ ისეთი ტერიტორიები აითვისონ, სადაც აქამდე არ ყოფილა ეს მცენარე. იყვნენ ჩამოსული საქართველოშიც და ჰქონდათ ინფორმაცია ჩვენზე. გვქონდა ურთიერთობა და ვეძებდით, რაღაც გზებს. მათ აინტერესებდათ, რამდენად შეეგუებოდა ადგილობრივ პირობებს ეს მცენარე. ნახეს ჩვენი მაგალითი და გამოცდილება, ის რაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩათვალეს, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, იმისთვის, რომ ავოკადოს არსებობა შეძლებოდა. შეისწავლეს წლიური მზის ტემპერატურა, ქარები, ყინვა, ნალექები, ნიადაგი და ა.შ. ნიადაგი არის, სადაგ კარგად შეძლებს არსებობას, თუმცა ტემპერატურა და ქარი არის მისი პრობლემა. მათ გარკვეული კვლევები ჩაატარეს და ბოლოს დასკვნა იყო (გამოგვიგზავნეს კიდევ საბოლოო დასკვნა), რომ საქართველოში ავოკადოს მოყვანა შესაძლებელია მხოლოდ სათბურის პირობებში. სათბურში იგულისხმება გვირაბის ტიპის, ოვალური ფორმის, შესაბამისად გადახურული სათბური, რომელიც დაცული იქნება ქარისგან და ყინვისგან. მათი ინტერესი ის იყო, რომ თუ აქ ავოკადოს მოყვანა იქნებოდა შესაძლებელი მერე მზად იყვნენ ინვესტიციის ჩასადებად და ბაღის გასაშენებლად. სათბურის პირობების შექმნას საკმაოდ დიდი ინვესტიციები სჭირდება. თუ ვინმე ცდის და მოსინჯავს კარგი იქნება.”- აცხადებს რეზო ჩიტაძე.
Geonuts Company-ს დირექტორს ვკითხეთ, განიხილავს თუ არა მომავალში ავოკადოს მოყვანას სასათბურე პირობებში. რეზო ჩიტაძე ამბობს, რომ ამ ბიზნესში ბედს აღარ ცდის. – ,,თუ მკვეთრად არ შეიცვალა კლიმატური პირობები და ტროპიკები არ გავხდით, არა.”- განაცხადა რეზო ჩიტაძემ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/foto_w_h-gHNADA-300x169.jpeg)