„დღეში შეიძლება 200-300 კგ. კამეჩის სულგუნი გავყიდოთ“- კამეჩის რძის პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება

„დღეში შეიძლება 200-300 კგ. კამეჩის სულგუნი გავყიდოთ“- კამეჩის რძის პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება
დაახლოებით 5 წლის წინ საქართველოში კამეჩი გადაშენების პირას იყო. ფერმერები პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე ვერ ახერხებდნენ, რის გამოც მათ კამეჩის მოშენების ნაცვლად მისი ხორცის რეალიზება დაიწყეს. ფერმერთა ნაწილი რძეს იტალიაში აგზავნიდა. მეორე ნაწილი კი კამეჩის რძისგან დამზადებულ პროდუქციას ბაზარში ყიდდა და მას ძროხის რძის პროდუქტად ასაღებდა.
კომპანია ,,ა-კოკო“-მ კამეჩის რძის პროდუქტების გაყიდვა 2020 წელს დაიწყო. კომპანიის დამფუძნებელი ხატია ახალია ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ პერიოდში მომხმარებელში ძალიან დაბალი ცნობადობა იყო, რის გამოც მათ კამეჩის რძის პროდუქტების პოპულარიზაცია სოციალურ ქსელში დაიწყეს.
,,კამეჩის სულგუნის გაყიდვა რომ დავიწყეთ ძალიან დაბალი ცნობადობა იყო. ეს იყო ნოსტალგიური პროდუქტი მეგრელებისთვის, რადგან ბავშვობაში ჰქონდათ გასინჯული. კამეჩები იყვნენ გადაშენების პირას. ყველა ყიდდა კამეჩს და ხორცად იყენებდნენ, რადგან მოთხოვნა არ იყო. ამას არ უყურებდნენ, როგორც რძისა და რძის პროდუქტების წარმოების მასალას. ძროხასთან შედარებით კამეჩი უფრო რთულად შესანახია. ასევე, რთულია მისი მოწველა. სამეგრელოში გასაღების არეალი იყო ბაზარი, სადაც ძროხის რძის ყველად ასაღებდნენ. ამ პროდუქტის შესახებ ცნობიერება იყო ძალიან დაბალი. კამეჩის რძე ქოლესტერინს არ შეიცავს, უფრო მეტ ვიტამინს შეიცავს და ეს არ იცოდა მომხმარებელმა. ამიტომ 2020 წლამდე, სანამ ჩვენ დავიწყებდით გაყიდვას საქართველოდან კამეჩის რძე იტალიელებს მიჰქონდათ. ყინავდნენ და აგზავნიდნენ იტალიაში. მას შემდეგ, რაც პროდუქტის რეალიზება დავიწყეთ ფერმერებმა გაზარდეს წარმოება. ყიდულობენ კამეჩებს და აშენებენ. გვიკავშირდებიან ჩვენ. აფზახეთშიც გადაჰქონდათ. ეს პრობლემაც მოიხსნა. ადგილობრივ ბაზარზე რა ფასადაც ყიდდნენ იმას ვუმატებთ თანხას, რომ ჩვენ გამოგვიგზავნონ. ბაზარში ძროხის რძის პროდუქტად აღარ ასაღებენ.’’- აცხადებს ხატია ახალაია.
კამეჩის რძის პროდუქტებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა სულგუნზე მოდის. გაყიდვების მიხედვით მეორე ადგილზეა ნადუღი. კომპანია ,,ა-კოკოს“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ დღეში დაახლოებით 300 კგ.-მდე სულგუნს ყიდიან. რაც ბაზარზე გამოჩენის შემდეგ გაყიდვების 300%-იანი ზრდაა.
,,თავიდან დავიწყე ბაზრის კვლევა. აღმოჩნდა, რომ ძირითადად სამეგრელოსა და კახეთში იყო ცნობილი კამეჩის რძის პროდუქტები. სამეგრელოში იყო ცნობილი სულგუნი. აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მეტად ცნობილი იყო მაწონი. პირველი მომწოდებელი გვყავდა კახეთიდან. მომხმარებლისგან დაინტერესება წამოვიდა. რომ გასინჯეს, ნახეს რომ კარგი პროდუქტია. დიდხანს ინახება. მაცივარში 2 კვირა არაფერი არ მოსდის. ინარჩუნებს გემოს და ფერს და მდგრადია. ცნობადობა ძალიან სწრაფად გაიზარდა. სამეგრელოში თითქმის რაც კი იწარმოება კამეჩის პროდუქცია ჩვენ ვყიდით მთლიანად. ფერმერებთან გვაქვს დადებული ხელშეკრულებები. დღეში შეიძლება 200-300 კგ. კამეჩის სულგუნი გავყიდოთ. ეს მხოლოდ სულგუნი. მაწონი და სხვა პროდუქტებიც ბევრი იყიდება. თავიდან რა მოცულობასაც ვყიდდით, იმასთან შედარებით 300%-ით გაიზარდა გაყიდვები. ვყიდით არა მარტო სულგუნს, არამედ კამეჩის რძეს, ხაჭოს, ნადუღსა და მაწონს. სულგუნთან ერთად ნადუღია ძალიან პოპულარული მომხმარებელში. რძე დიდხანს ვერ ძლებს, რადგან არ ვუკეთებთ პასტერიზებას, რადგან არ ვართ საწარმო და დაბეჭდვის უფლება არ გვაქვს“, – აცხადებს ხატია ახალაია.
კომპანია დღეს 10-მდე ფერმერთან თანამშრომლობს, რომლებიც გამზადებულ პროდუქცია ,,ა-კოკოს“ სარეალიზაციოდ აწვდიან. ხატია ახალაია აცხადებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის ზრდამ ფერმერებს სტიმული მისცა, რომ გაზარდონ წარმოება და კამეჩები მოაშენონ, თუმცა დღეს სამეგრელოსა და კახეთში იმ რაოდენობის კამეჩი არ ჰყავთ, რომ ბაზარი სრულად მოამარაგონ.
,,10-მდე ფერმასთან ვთანამშრომლობთ. თუმცა ჯამში ბევრი კამეჩი არ ჰყავთ. დაახლოებით 50, 30 მეწველი კამეჩი ჰყავთ. იტალიაში აღარ აგზავნიან, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ვახდენთ რეალიზებას. სულად ქართულ სეგმენტზე ვართ ორიენტირებული. არ გაგვაქვს ფიზიკური მაღაზიები და ვერ ვახერხებთ პროდუქციის უფრო მასშტაბურ რეალიზებას, რადგან ფერმერებს არ ჰყავთ დიდი რაოდენობის კამეჩი“, – აცხადებს ,,ა-კოკოს“ დამფუძნებელი ხატია ახალაია.