29 მარტს მზე ნაწილობრივ დაბნელდება. ამ დროს მთვარე დედამიწასა და მზეს შორის მოექცევა. მისი დანახვა ევროპაში, დასავლეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აზიაშია შესაძლებელი.
ეს მოვლენა ყველაზე შესამჩნევი გრენლანდიასა და აღმოსავლეთ კანადაში იქნება. სრული დაბნელებისგან განსხვავებით, ნაწილობრივი დაბნელების დროს მთვარე მზის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ფარავს.
„მზისა და მთვარის დაბნელება მხოლოდ შუქისა და ჩრდილის თამაშია. მზის დაბნელების დროს მზე, მთვარე და დედამიწა ერთმანეთს სწორედ ამ თანმიმდევრობით უსწორდებიან. როდესაც მთვარე მზის წინ მოექცევა, დედამიწას კონუსის ფორმის ჩრდილი დაფარავს. ნაწილობრივი დაბნელების პროცესის ნახვა კანადაში კვებეკის პროვინციაშია შესაძლებელი, ასევე დასავლეთ ევროპასა და აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მაგალითად, მაროკოში”, – ამბობს მონრეალის პლანეტარიუმის წარმომადგენელი, ორიან ეგალი.
მზის დაბნელების დანახვა დასავლეთ ევროპასა და აფრიკაში დილის საათებში იქნება შესაძლებელი, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აზიაში – შუადღისას.
„ისეთი შეგრძნება იქნება, თითქოს განსაკუთრებულად მოღრუბლული დღეა, თითქოს რაღაც უცნაური ხდება. თუმცა, ამავდროულად, დაინახავთ ძალიან კაშკაშა ნახევარმთვარის მსგავს ფორმას, რომელიც სინამდვილეში მზე იქნება”, – ამბობს ევროპის სამხრეთის ობსერვატორიის წარმომადგენელი, ხუან კარლოს მუნიოზ-მატეოსი.
ასტრონომები მოსახლეობას მოუწოდებენ, სანამ მზის დაბნელების სანახავად გაეშურებიან, ამინდის პროგნოზი შეამოწმონ, რადგან ის უკეთ ჩანს მოწმენდილ ცაზე ქალაქისგან, მაღალი შენობებისა და განათებისგან მოშორებით, უსაფრთხოების კუთხით კი საჭიროა დაბურული სათვალეები. NASA-ს ინფორმაციით, მზისა და მთვარის დაბნელება 4-იდან 7 წელში ერთხელ ხდება.
წყარო: euronews georgia
