დღეს ძილის მსოფლიო დღეა – ჯანმოს რეკომენდაციები

დღეს მსოფლიო ძილის დღეს აღნიშნავს, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. ამ დღის მიზანია, აამაღლოს საზოგადოების ინფორმირებულობა ჯანსაღი ძილის მნიშვნელობის და იმის შესახებ, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს არასათანადო და არასაკმარისმა ძილმა.
ინტენსიური თერაპიისა და ფილტვების ჯანმრთელობის ასოციაციის განცხადებით, ძილი, ისევე როგორც კვება და ფიზიკური აქტივობა, ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ძილი ადამიანს ეხმარება მეხსიერების შენარჩუნებასა და სწავლაში. ის იმუნურ სისტემას შესაძლებლობას აძლევს, გაანადგუროს ვირუსები და ბაქტერიები.
ცუდი ძილი კი, ორგანიზაციის მონაცემებით, დაკავშირებულია გულის იშემიურ დაავადებებასთან და სიხლძარღვთა დაავადებების შედეგად გარდაცვალების შემთხვევებთან. უხარისხო ან არასაკმარისი ძილი ორგანიზმს ინფექციების მიმართ მოწყვლადს ხდის. ესაა რისკ ფაქტორი დემენციის, კრუნჩხვებისა და ინსულტის განვითარებისთვის.
ცუდმა ძილმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს აზროვნების გაუარესება, კოგნიტურ ფუნქციაზე კი შესაძლოა ისეთივე გავლენა მოახდინოს, როგორიც ალკოჰოლმა.
ჯანმრთელი ძილისთვის ხელისშემშლელi ფაქტორები შესაძლოა იყოს ძილის რომელიმე ფაქტორის დარღვევა. ეს ფაქტორებია: ძილის ხანგრძლივობა, ის, თუ რამდენად ადვილია ჩაძინება, დღე-ღამის რა პერიოდში გძინავთ, რამდენად რეგულარულია ძილისა და სიფხიზლის პერიოდები, როგორია ძილის ხარისხი.
ამ ფაქტორების დარღვევა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ესაა ფსიქოლოგიური სტრესი, ფინანსური დაძაბულობა, უსაფრთხოების რისკები, ასევე ეკოლოგიური ფაქტორები – სინათლე, ტემპერატურა, ხმაური, ჰაერის ხარისხი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში მინიმუმ 6-8-საათის ძილი ესაჭიროება, ბავშვებისთვის კი ეს პერიოდი 10 საათითაა განსაზღვრული.
ძილის ამა თუ იმ დარღვევას მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი უჩივის.
წყარო: jandacva.ge