დღეს, 21:00 საათზე, საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპზე უკანასკნელ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს და შოტლანდიელებს უმასპინძლებს.
თუკი ევროპირველობაზე უკვე გასული სქოთების მთავარი მიზანი ესპანეთის ნაკრებზე ჯობნება და პირველი ადგილის დაკავებაა, ვილი სანიოლის გუნდი ტურბულენტური შესარჩევი ეტაპის ბოლოს მარტსა და “ერთა ლიგიდან” ბოძებულ პლეი-ოფზე ფიქრობს. “ჯვაროსნებს” ჯერ კიდევ აქვს შანსი, ნორვეგიას გადაასწროს.
შოტლანდიის ნაკრები თბილისში 2007 წელსაც დამარცხდა და 2015-შიც. მაშინ თუ ისინი მომავალი პირველობის მიღმა დავტოვეთ, ახლა მსგავსს ვერ მოვახერხებთ, თუმცა ეს მოტივაციას არ უნდა გვაკლებდეს.
გიორგი მიქაუტაძე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა. მას
ახლა საკლუბო პერიოდი ცუდი აქვს, ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად შეტევაში უნდა ვიხილოთ. შოტლანდიელების დანაკლისი დაცვის ხაზში საკმაოდ დიდია, მათ შორის კაპიტანი, “ლივერპულელი” ენდრიუ რობერტსონი.
მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე “ჯვაროსნების” მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
“ყველა რეკორდი თუ სტატისტიკა ადრე თუ გვიან სრულდება, ზედმეტ მოლოდინებს კი იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩი გვაქვს, მათ შორის, მარტის პლეი-ოფის კონტექსტში.
გუნდში კარგი განწყობაა, ოქტომბრის მატჩებმა კარგად ჩაიარა… დავითაშვილს არჩევანი მივეცით, ან ნაკრებში ყოფილიყო, ან ოჯახის გვერდით, რადგან ის შვილს ელოდება. ზურიკოსთვის ნაკრებში ყოფნა მნიშვნელოვანია და თამაშისთვის ემზადება.
შოტლანდიის ნაკრები კარგი გუნდია. წარმატებისთვის მეტოქეც მაქსიმუმს გაიღებს. არ მგონია, 0:0 ვიხილოთ…
კვარაცხელიასთვის გასული სეზონი გამორჩეული იყო. ის თუ არ განმეორდება, ისე იქნება, როგორც ხვიჩას, ასევე “ნაპოლის” დაემართათ – ძველებურად ვეღარ თამაშობენ. კვარაცხელია მალე დაუბრუნდება იმ დონეს, რომელსაც გასულ სეზონში მიაღწია. მას ისეთივე დამოკიდებულებები აქვს.
ჩემი ამოცანაა, დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი არსებობდეს. მახარებს ის პროგრესი, რაც გიორგი ჩაკვეტაძეს აქვს. ის იმ შრომის ნაყოფია, რაც ბოლო პერიოდში გასწია. ინგლისის ჩემპიონშიპში ეს აუცილებელია…”