დღეს, 28 დეკემბერს, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში “ერთობის ჯაჭვი” გაიმართება. ქართველი ემიგრანტები ანალოგიურ ჯაჭვს გეგმავენ ევროპის და აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში.
მოქალაქეები ერთობის ჯაჭვში თბილისის დროით 15.00 საათზე ჩადგებიან შემდეგ ადგილებზე:
თბილისში:
მეტეხის ხიდი, მშვიდობის ხიდი, ბარათაშვილის ხიდი, ზაარბრუკენის მოედანი და მშრალი ხიდი, გალაქტიონის ხიდი, ვახუშტის და თამარ მეფის ხიდი.
მოქალაქეებმა “ერთობის ჯაჭვი” საყოველთაო პროტესტის დაწყებიდან ერთი თვის თავზე დაგეგმეს – 28 ნოემბერს, მას შემდეგ რაც “ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს, თბილისსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური პროტესტი დაიწყო.
27 დეკემბერს აშშ-მა “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა “რუსეთის სასარგებლოდ” დემოკრატიის ხელყოფისთვის.
29 დეკემბერს “ოცნება” მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას გეგმავს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად ქვეყანაში.