„დღეს როტერდამის დიდი პორტი რომ ავიღოთ და ანაკლიაში ჩავსვათ უბრალოდ არ იმუშავებს“ – ზურაბ მაღრაძე

ანაკლიის პორტის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა ქვეყანაში თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკა შეიქმნას, – აღნიშნულ პოზიციას ,,კომერსანტთან“ საუბარში ბიზნესადმინისტრირების დოქტორი ზურაბ მაღრაძე აფიქსირებს. ის აცხადებს, რომ პორტის მიმართ ინტერესი აქვთ როგორც -ს, ასევე აზიისა და ევროპის ქვეყნებს, თუმცა იმისთვის, რომ პორტი განვითარდეს და მის მიმართ მოთხოვნა არსებობდეს საჭიროა მას კერძო ინვესტორები და მფლობელები ჰყავდეს. მათ შორის უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და უცხოელი ინვესტორები. ზურაბ მაღრაძე განმარტავს, რომ პორტის ირგვლივ ყველა გადაწყვეტილებას დღეს სახელმწიფო იღებს, რაც ამ პროექტისთვის დამაზიანებელია, რადგან ეს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ევროპისთვის მიუღებელია.
,,ვამბობთ, რომ ანაკლიის პორტი საჭიროა. ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი აქვს ჩინეთს, აზიას, ევროპას, ამერიკას. პორტის მესაკუთრე უნდა იყოს პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები ანუ პორტის აქციები თავისუფლად უნდა ივაჭრებოდეს თბილისის საფონდო ბირჟაზე. როდესაც საქართველოს მოქალაქეები შეიძენენ მის აქციებს, ამის შემდეგ შეუძლიათ დამატებითი კაპიტალის მოზიდვის სახით გარე ინვესტორებმა მიიღონ მონაწილეობა პორტის დაფინანსებაში. როდესაც ყველაფერში სახელმწიფო ცდილობს რომ იყოს წამყვანი, ააშენოს პორტი, ხელშეკრულებები გააფორმოს ანუ პირდაპირი მნიშვნელობით კაბინეტებში ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ასეთი პროცესი ევროკავშირისთვის, როგორც თავისუფალი ბაზრის სისტემისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჯერ საბაზრო ეკონომიკა უნდა იყოს, სადაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს და ადამიანები ქმნიან დოვლათს. სახელმწიფოს ფუნქცია რა თქმა უნდა, არის ამ მიღებული დოვლათიდან და მოგებიდან გადასახადების ადმინისტრირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ წესრიგს ითხოვს სწორედ ევროპა-აზიას შორის ვაჭრობა. საქართველოს ამ წესრიგის გამოცდილება ისტორიულად გააჩნია.”- აცხადებს ზურაბ მაღრაძე.
რატომ არის აუცილებელი, რომ საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ბაზარი არსებობდეს? კითხვაზე ზურაბ მაღრაძე გვპასუხობს, რომ აზიიდან წამოსული ტვირთი საქართველოს გავლით ევროპაში გაიგზავნება. მასში ფულს კი ევროპა იხდის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგი და თავისუფალი სავაჭრო სივრცე არსებობდეს.
,,ტვირთების წარმომქმნელი არის აზია. ტვირთები უნდა მოვიდეს ანაკლიის პორტში და უნდა წავიდეს ევროპაში. ანუ ფულს ამ ტვირთში იხდის ევროპა. ევროპა გვეუბნება, შეასრულეთ 9 პუნქტი. ეს 9 პუნტქი რომ შესრულდება და საქართველოს ექნება თავისუფალი, დემოკრატიული წესრიგი და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ამ წესრიგში ჩვენ ვივაჭრებთ, თორემ დღეს როტერდამის დიდი პორტი რომ ავწიოთ და ანაკლიაში ჩავსვათ უბრალოდ არ იმუშავებს, რადგან მთელი რიგი მოთხოვნებია, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველო და ქმნიდეს სავაჭრო წესრიგს. მთავარი მფლობელები უნდა იყვნენ ინვესტორები. ინვესტორები პირველ რიგში უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. შემდეგ უცხოელები, რაც დანაკლისი იქნება საინვესტიციო პორტფელში. ვაჭრობა უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი გადასახადებისა და ბაჟისგან. ის არ უნდა იყოს შეხუთული რაიმე კანონმდებლობით. ჩვენთან სამწუხაროდ ეს წესრიგი ჯერ არ დგას და ვერც დადგება. მარტივ მაგალითს მოვიყვან. 200 ლარი ღირდა ტრანზიტის გადასახადი. ტრაილერი, რომელიც ტრანზიტული დანიშნულებით კვეთდა საქართველოს საზღვარს და გადიოდა სხვა ქვეყანაში, ამაში იხდიდა 200 ლარს. სახელმწიფომ ეს გადასახადი გაზარდა 350 ლარამდე. ამას გარდა ს პორტში ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადასახადი დააკანონა 30 ლარის ოდენობით და საკონტეინერო მოსაკრებელი დაარქვეს. სატრანზიტო ვაჭრობა უბრალოდ ძვირდება. ვაჭრობა რაც მეტად თავისუფალია გადასახადებისგან, რაც უფრო მეტად ლიბერალური ეკონომიკაა ქვეყანაში, ეს უწყობს ხელს ინვესტიციებს, ვაჭრობას, ინფრასტრუქტურას და ყველა სექტორის განვითარებას.”- აცხადებს ზურაბ მაღრაძე.