დღეს რომ გვიწევდეს ნუნისში ინვესტიციის შეთავაზების განხილვა, ალბათ არ განვიხილავდით – ირმა დაუშვილი

“შემაფერხებელია, რომ რეგიონებში საკურორტო ზონებს არ აქვს ინფრასტრუქტურა. 90%-ში არ არის გზა, ინტერნეტი, გაზიფიკაცია… ეს უკვე სახელმწიფოს გასაკეთებელია. ჩვენც დღეს რომ გვიწევდეს ნუნისში ინვესტიციის შეთავაზების განხილვა, ალბათ არ განვიხილავდით როგორც მოგებიან ბიზნესს, თუმცა 23 წლის წინ ახალგაზრდები ვიყავით და ენთუზიაზმით ჩავერთეთ”-ამის შესახებ სასტუმრო “ნუნისის” დამფუძნებელმა ირმა დაუშვილმა გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა.
გამოწვევებზე საუბრისას დაუშვილი კურორტების ცნობადობის ნაკლებობას ასახელებს და აცხადებს, რომ კურორტების პოპულარიზაციაში კერძო სექტორს სახელმწიფოს დახმარება სჭირდება. გამოწვევაა ინფრასტრუქტურაც, რის გამოც საქართველოს კურორტებით ინვესტორები ნაკლებად ინტერესდებიან.
“პირველი გამოწვევა ცნობადობის ამაღლებაა. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით სამკურნალო მიმართულებით. უფრო საბჭოთა კავშირის მასშტაბით გვიცნობდნენ, მსოფლიოში ჩვენი ცნობადობა საკმაოდ ნაკლებია. ჩვენ ცნობადი ვართ ძალიან დიდი შრომის შედეგად ღვინით და კულინარიით, თუმცა არანაკლები რესურსი გვაქვს ბუნებრივი, რაც შეიძლება დოვლათის მომტანი იყოს და მოგებიანი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
ძალიან რთულია, 68 საკურორტო ზონიდან რომელიმე ერთმა შეძლოს გარღვევა საქართველოს ფარგლებს გარეთ და ქვეყნის იმიჯის წამოწევა. ცალსახად აქ არის სახელმწიფოს სამუშაო, რადგან რთულია რომელიმე ბიზნესისთვის ამის გაკეთება.
რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები? ინვესტორი მაინც არჩევს ინფრასტრუქტურულად განვითარებულ ბიზნესში ჩადოს ფული, რომელიც სწრაფად იქნება მოგებიანი.
გამოწვევაა ისიც, რომ დღეს თანამედროვე ში ძალიან მწირია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგები აქვს საკურორტო მკურნალობას და ნაკლებად ურჩევენ ექიმები პაციენტებს. სამწუხაროა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტშიც კი ამ ფაკულტეტზე ალბათ თითზე ჩამოსათვლელი სტუდენტი თუ მიდის და არც მაქვს ინფორმაცია იკითხება თუ არა ამ მიმართულებით ლექციები.
არც კვლევები ტარდება, დისერტაციებზეც აღარ მუშაობს ხალხი, ძალიან უყურადღებოდ დარჩა ჩვენი ფიტო და ბალნეოთერაპია.
რაც დრო გადის ევროპა უბრუნდება ბალნეო და ფიქტო თერაპიას, რადგან ხვდებიან, რომ ეს არის ქიმიურ და დაბინძურებულ გარემოში ერთ-ერთი ჯანსაღი ალტერნატივა.
როგორც შეიძლება მოვახდინოთ ამის პოპულარიზაცია? სხვადასხვა ქვეყნებს აქვს სხვადასხვანაირი მიდგომა, სახელმწიფოს შეუძლია შიდა ბაზარზეც დაეხმაროს კერძო სექტორს და გარეთაც. მაგალითად, პოლონეთს აქვს ასეთი გამოცდილება, რომ პენსიონერებს ასუბსიდირებს, ჩეხეთშიც იგივეა, ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება სადაზღვევო პაკეტშიც იყოს ჩასმული. თავიდან აუცილებლად სჭირდება დახმარება ამ მიმართულებას, რადგან 30-წლიანი წყვეტა ეს არ არის ცოტა, მოხდა ჩაკარგვა ადამიანის ცნობიერებაში, რომ თურმე შეიძლება კურორტებზე იმკურნალონ და დაისვენონ”,-აცხადებს ირმა დაუშვილი.