დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იწყება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციას გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის.
ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები ჩვენი დროის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენცია ცვლილებების გადამწყვეტ მომენტს ემთხვევა, მათ შორის ადმინისტრაციის ცვლილება აშშ-ში, ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ახალი ციკლი ბრიუსელში და კონფერენციიდან ერთი კვირის შემდეგ დაგეგმილი გერმანიის საპარლამენტო არჩევნები.
დღეს კონფერენციის მთავარი პროგრამა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის გლობალურ მმართველობაზე, დემოკრატიულ მდგრადობაზე, კლიმატის უსაფრთხოებაზე და ბევრ სხვა თემაზე ფოკუსირებით დაიწყება.
შაბათს გაიმართება დებატები საერთაშორისო წესრიგის მდგომარეობაზე, ასევე რეგიონულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე. ყურადღება გამახვილდება ასევე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალზე.
კვირას კი კონფერენცია მსოფლიოში ევროპის როლზე დისკუსიებით დასრულდება.
