პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს დაამტკიცებენ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას. ამ თემაზე მან სხდომამდე ისაუბრა.
“დღეს, მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც გათვალისწინებული იყო და განსაზღვრული იყო ისედაც და არის შემადგენელი ნაწილი 12 პრიორიტეტის, და ახლა უკვე 9 ნაბიჯის მიხედვით ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე”, – თქვა ღარიბაშვილმა.
3 საათზე გაიმართება ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. პრემიერმინისტრის განცხადებით, დღეს განიხილავენ და მოიწონებენ ევროკომისიის მიერ გაცემული 9 რეკომენდაციის შესრულების სამოქმედო გეგმას.
“თითოეულ ამ გადასადგმელ ნაბიჯზე და რეფორმებზე გვაქვს კონკრეტული ხედვა, გაწერილი იქნება შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც”, – თქვა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 22 ნოემბერს გასაჯაროვდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემუშავდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეესაბამება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასა და 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულ მიზნებს.
ოპოზიციის შეფასებით, ეს გეგმა ქვეყნის რეალურ გამოწვევას არ ასახავს და ბიძინა ივანიშვილის გავლენებს არანაირად არ ეხება.
ასევე ნახეთ:
· დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა გასაჯაროვდა