დღეს კალათბურთის ნაკრები პარიზის ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს

დღეს, 2 ივლისს, თბილისის დროით 20:00-ზე, საქართველოს კალათბურთის ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს.
ეროვნული ნაკრები პირველ მატჩში ლატვიის ნაკრებს რიგაში დაუპირისპირდება.
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება. რიგაში ოლიმპიადის 1 საგზური გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი).
გათამაშების ფორმატის თანახმად, 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. ნახევარფინალში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში რომ გავიდეს, ჯგუფში 2 მატჩიდან მინიმუმ 1 უნდა მოიგოს.
ლატვიის შემდეგ საქართველოს ნაკრები 4 ივლისს ფილიპინებს დაუპირისპირდება.