ბრიუსელში შეკრებილ ევროკავშირის წევრთა ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეოჩართვით მიმართა და მოუწოდა, არ უღალატონ უკრაინელთა რწმენას ევროპაზე.
ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე ამჟამად წყდება, დაიწყებს თუ არა ბლოკი მოლაპარაკებას უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე, და მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს.
ზელენსკი მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, არ დაუბრუნდნენ გაუბედაობას და არ უღალატონ უკრაინელთა რწმენას. უკრაინელი ლიდერი აცხადებს, რომ კიევმა შეასრულა ბრიუსელის რეკომენდაციები და ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი დღე – 14 დეკემბერი, ისტორიული დღეა.
„ეს დღე ისტორიაში ჩაეწერება. კარგი იქნება თუ ცუდი ჩვენთვის, ისტორია ყველაფერს დააფიქსირებს. ყველა სიტყვას, ყოველ ნაბიჯს, ყოველ მოქმედებას თუ უმოქმედებას. ვინ და რისთვის იბრძოლა. მნიშვნელოვანია, ევროპა არ დაუბრუნდეს გაუბედაობას. არავის სურს, რომ ევროპას არასანდოდ მიიჩნევდნენ. ან ფიქრობდნენ, რომ ევროპას არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომელსაც დაგვპირდნენ. არ მომისმენია არც ერთ კონტრ-არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მივყვეთ გეგმას, რომელზეც მთელი ევროპა შეთანხმდა. ჩვენ მივიღეთ საკვანძო კანონები. ყველა თქვენგანმა, ხაზს ვუსვამ, ყველამ, იცით, რომ ყველა ვალდებულება შევასრულეთ. დღეს ერთ რამეს გთხოვთ – არ უღალატოთ ხალხს და მათ რწმენას ევროპაზე. თუ არავის სჯერა ევროპის, რაღა აცოცხლებს ევროკავშირს? ევროპის ხალხი ვერანაირად ვერ იხეირებს, თუკი მოსკოვი დღეს ბრიუსელის ნებართვას მიიღებს, უკრაინისთვის უარის თქმის ფორმით. უდავოდ, პუტინი ამას პირადად თქვენსა და მთელი ევროპის წინააღმდეგ გამოიყენებს. ნუ მისცემთ ამ წლის პირველ და ერთადერთ გამარჯვებას. ევროპამ უნდა მოიგოს, შეთანხმებას პატივი უნდა ვცეთ, სიტყვებს კი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს“, – ციტირებს ზელენსკის „გარდიანი“.