დღეს, თუ ქართველი მეწარმე წარმატებას აღწევს, ევროკავშირის დახმარების შედეგია – „ჟოლი“

ევროპის დღეს თბილისში, ექსპო ჯორჯიაში 100-მდე ქართველი მეწარმე იყო წარმოდგენილი, რომლებმაც ევროპული ორგანიზაციების დაფინანსებით და ტექნიკური მხარდაჭერით საწარმოო სიმძლავრეები გაზარდეს, ცოდნა დააგროვეს და იმ მასშტაბს მიაღწიეს, რომ მათ დიდ ნაწილს საქართველოს გარდა უკვე იცნობს ევროპელი და ამერიკელი მომხმარებელი.
საწარმო „ჟოლის“ დამფუძნებელი გურამ სუხაშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ სწორედ ევროკავშირის დახმარებით შეძლეს საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა და შედეგად პროდუქციის გატანა ექსპორტზე.
„ჩვენ ვახორციელებთ ხილის გადამუშავებას. დავიწყეთ მცირე საოჯახო საწარმოს სახით და წარმოების პროცესში ჩვენ გავხდით ევროკავშირისა და გაეროს ბენეფიციარები. მათი დახმარებით მონაწილეობა მივიღეთ არაერთ გამოფენაზე, მივიღეთ ფინანსური დახმარებები, რამაც საშუალება მოგვცა გაგვეფართოებინა ჩვენი წარმოება, ჩვენი ასორტიმენტი.
დღემდე ევროკავშირისა და გაეროს დახმარებით ვმონაწილეობთ სხვადასხვა გამოფენებში, ვმონაწილეობთ ტრენინგებში, რომელიც გვეხმარება წარმოების ხარისხის გაუმჯობესებაში. მცირე წარმოებიდან გადავედით საშუალო წარმოებაზე და ამისთვის სწორედ ეს დახმარებები გახდა მთავარი ობიექტური მიზეზი, ვინაიდან გამოფენებიდან და დახმარებიდან გამომდინარე ჩვენ გავაფართოვეთ საწარმო, აღვჭურვეთ ახალი დანადგარებით, რამაც ასორტიმენტის გაზრდის და რაოდენობის გაზრდის საშუალება მოგვცა.
ამ ყველაფერმა კი საბოლოო ჯამში მოგვცა საშუალება, რომ უკვე ჩვენი პროდუქცია გავიტანეთ ექსპორტზე, -ში. მადლობა ევროკავშირს, გაეროს, FAO-ს დახმარებისთვის, რომელსაც ქართველ მეწარმეებს უწევს. დღეს, თუ ქართველი მეწარმე იწყებს დაბალი საფეხურიდან და აღწევს წარმატებას, ეს არის სწორედ ამ დახმარებების შედეგი, რითაც თითოეულმა ჩვენგანმა გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ სამეწარმეო სფეროში”, – აცხადებს გურამ სუხაშვილი, “ჟოლის” დამფუძნებელი.