დღეს თუ არ იმოქმედებთ, ხვალ დასახმარებელი არავინ დარჩება — ევგენიძე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ ევროპარლამენტის სპეციალურ კომიტეტზე „ევროპის დემოკრატიის ფარი“ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და მედიის თავისუფლების გაუარესებაზე ისაუბრა.
„ქართული თავისუფალი მედიის წარმომადგენლები წინა ხაზზე არიან. ისინი არიან თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების დიდი დამცველები და გმირები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეში, ჩვენ ვხედავთ მედიის თავისუფლების შემაშფოთებელ და სწრაფ გაუარესებას. მხოლოდ გასულ წელს, 342 დარღვევა დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, მათ შორის ფიზიკური ძალადობა, უკანონო დაკავება, არაადამიანური მოპყრობა და ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვა“, — განაცხადა ნინო ევგენიძემ.
მან ხაზი გაუსვა სპეცრაზმის თანამშრომლის თავდასხმას ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავაზე, თავდასხმას „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე, ასევე ისაუბრა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე.
„ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში იმყოფება. 2025 წლის 11 იანვარს ის ბათუმში გამართულ პროტესტის დროს დააკავეს. მას ბრალად წაუყენეს დანაშაული, რომელიც შესაძლოა შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი სასამართლო პროცესი ასახავს საქართველოში არსებულ სიტუაციას ზოგადად და მედიის თავისუფლების მდგომარეობას განსაკუთრებით. ამაღლობელის დაკავება ფართოდ დაიგმო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან. პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო, რომელიც 38 დღე გაგრძელდა, რამაც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია და კიდევ უფრო მიიპყრო ყურადღება იმ რისკებზე, რასაც დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტები აწყდებიან. ეს ტენდენცია ჰგავს სხვა ავტორიტარული რეჟიმების მიერ მიღებულ ზომებს, სადაც თავისუფალი პრესის წარმომადგენლები ხშირად რეპრესიების სამიზნეები ხდებიან“, — განაცხადა ევგენიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აძლიერებს თავის გავლენას პოლარიზაციის, მედიის შევიწროებისა და კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანიების მეშვეობით; კრიტიკული ან განსხვავებული მოსაზრებების მქონე მაუწყებლები, როგორიცაა ტელეკომპანია „ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“ მუდმივი საფრთხის ქვეშ მუშაობენ, „მთავარმა არხმა“ კი უკვე შეწყვიტა მაუწყებლობა.
ევგენიძემ ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და საზოგადოების ინტერესებს უნდა ასახავდეს, რეჟიმის პროპაგანდის კიდევ ერთი ინსტრუმენტია, „იმედთან“ და „პოსტივისთან“ ერთად. ონლაინ მედიას შეზღუდვები დაუწესდა პარლამენტში.
ნინო ევგენიძემ საერთაშორისო საზოგადოებას მეტი რეაგირებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მხარდაჭერა იმ სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ავტორიტარიზმისა და პრორუსული გავლენების წინააღმდეგ იბრძვიან; ასევე, უნდა დაწესდეს სანქციები იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც მედიის ჩახშობით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.
„დაპირებული დახმარება სამწუხაროდ ჯერ არ მიუღიათ იმ პირებს, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ. დღეს თუ არ იმოქმედებთ, ხვალ დასახმარებელიც არავინ დარჩევა“, — დასძინა ევგენიძემ.