დღეს და ხვალ დედაქალაქში „თბილისობის“ ღონისძიებები გაიმართება

თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინუცა ბუცხრიკიძე ასახელებს ღონისძიებებს, რომლებიც “თბილისობა 2024”-ის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი.
როგორც ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე რიყის პარკში.
მისი თქმით, „თბილისობა 2024” ხვალ, გალა კონცერტით დაიხურება.
„ორბელიანის მოედანი ნამდვილი საშემოდგომო ზღაპარია. აქ მოსულ ადამიანებს, პირველ რიგში, შეეგებება მშრალი ხიდის მხრიდან „გარდენია შევარდნაძე” მთელი თავისი სიდიადით. ასევე დაგხვდებათ ღია კინოთეატრი და ქართული ანიმაცია, გიგანტური ქვევრისა და ფიროსმანის გოგონას ინსტალაციები, ისპანახობა, ორბელიანის ნუგბარი, „ლაღიძის წყლები“, ყველიერი – ამ ყველაფერს აერთიანებს გასტრო სივრცე. ასევე “თეისთ თბილისი”, რაც თბილისობის ტრადიციაა და ათეულობით მეწარმეს აერთიანებს და სამ ლოკაციაზე განთავსებული სცენა – ხაზინის, ათონელისა და ფურცელაძის ქუჩაზე, რომელიც იტევს დღის პირველ ნახევარში საბავშვო კონცერტებს, ხოლო დღის მეორე ნახევარში, ორივე დღის განმავლობაში, ქართველი არტისტების არაჩვეულებრივ პერფორმანსებს.
რაც შეეხება რიყის პარკს, რიყის პარკში მისულ სტუმრებს ნამდვილი გასტრონომიული დღესასწაული ელოდებათ. რიყის პარკის გასტროსივრცეში გაერთიანებული ღვინის, ტკბილეულისა და გასტრონომიული ფესტივალები. ასევე, რიყის პარკში დამატებით არის სპორტული, გასართობი და საბავშვო აქტივობები მრავალფეროვნად. არაჩვეულებრივი თემატური ინსტალაციები.
რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, დღევანდელ საღამოს, 20:00 საათზე გაიმართება საპატიო თბილისელის დაჯილდოების ღონისძიება, ხოლო ხვალ, თბილისობა 2024-ს საზეიმოდ დახურავს რიყის პარკში განთავსებულ გრანდიოზულ სცენაზე დაგეგმილი გალა კონცერტი”,- განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო – ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე