დღეს, გოგონების საერთაშორისო დღეს, მოვუწოდებთ ყველას,დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველა გოგომ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა; დავდოთ პირობა, რომ ამას გავაკეთებთ მათთან ერთად და მათთვის – მათი და მათი თემების ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად. ისინი ამას ჭეშმარიტად იმსახურებენ,- ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დიენე კეიტას განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც გოგოების საერთაშორისო დღეს ეძღვნება.
მისი თქმით, დღეს, გოგოების საერთაშორისო დღეს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ღირებულნი არიან გოგოები და რაოდენ მნიშვნელოვანია ყველაფერი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ.
„ყველა გოგოს აქვს უფლება, იყოს ის, ვინც არის და გახდეს ის, ვინც სურს. ზრდასრულობისკენ მიმავალ გზაზე ყველა მათგანი თავს უნდა გრძნობდეს დაცულად და დაფასებულად; ჰქონდეს წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა; მათი მომავლის ხედვები და მისწრაფებები გათვალისწინებული უნდა იყოს, ხოლო მათი უფლებები და არჩევანი – დაცული. მიუხედავად ამისა, მილიონობით მოზარდი გოგოსთვის ეს გზა სავსეა საფრთხეებითა და დაბრკოლებებით – იმ კრიზისებისა და კატასტროფების გამანადგურებელი შედეგებით, რომელთა გამოწვევაში მათ წვლილი სრულებით არ მიუძღვით. დღევანდელ მსოფლიოში, ახალგაზრდების თითქმის ნახევარი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ძალადობრივი კონფლიქტები მძვინვარებს. ასეთ პირობებში, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მოზარდი გოგოები ზარალდებიან, რადგან მათ ეზღუდებათ წვდომა განათლების შესაძლებლობებზე, ჯანდაცვაზე, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებსა თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა სერვისებზე, რაც მათი კეთილდღეობის წინაპირობაა. დაუცველობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ისინი უფრო ხშირად ხდებიან ბავშვთა ქორწინებისა თუ გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლნი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გასაოცარი შეუპოვრობით ოცნებობენ უკეთეს მომავალზე და გამოხატავენ მტკიცე მზაობას, თავადვე გახდნენ ამგვარი მომავლის შემოქმედნი. ისინი გამოდიან უსაფრთხოების, ღირსებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მოწოდებებით, თამამად იყენებენ საკუთარ გამოცდილებას, რათა წინ აღუდგენ ისეთ საზიანო პრაქტიკას, როგორიცაა ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება.
ისინი ითხოვენ მშვიდობას თავიანთი ოჯახების, თანატოლებისა და თემებისათვის. დღეს, გოგოების საერთაშორისო დღეს, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, თუ რაოდენ ღირებულნი არიან გოგოები და რაოდენ მნიშვნელოვანია ყველაფერი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ. თუმცა, არასწორი იქნება მოლოდინი, რომ მათ მარტომ უნდა იტვირთონ კრიზისებით დაღდასმული მსოფლიოს გაჯანსაღების პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა გოგოს, რომელსაც კრიზისის პირობებში უწევს ცხოვრება – მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მწვავეა ეს კრიზისი – ჰქონდეს წვდომა უსაფრთხო სივრცეზე, სადაც იზრუნებენ მის გაძლიერებაზე, მისი თავდაჯერებულობის გამყარებაზე, სადაც შეძლებს მიიღოს რჩევა და გააგრძელოს სწავლა. სკოლაში, თუ მის ფარგლებს გარეთ, გოგოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა შეიძინონ ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარები და მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მათ ასაკზე მორგებული ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება –– რაც ზრდასრულ ასაკში მათი უსაფრთხოდ გადასვლის აუცილებელი წინაპირობაა. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მოზარდი გოგოებისთვის სწორედ ამგვარი მხარდაჭერის უზრუნველყოფას ემსახურება, მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც კრიზისი მძვინვარებს. 2024 წელს, UNFPA-ის მიერ კრიზისით დაზარალებულ 32 ქვეყანაში ახალგაზრდული სივრცეების მიზანი იყო უზრუნველყო მათი წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციასა და სერვისებზე, აღმოეჩინა მათთვის ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, ეზრუნა მათ პროფესიულ მომზადებაზე და შეეთავაზებინა მათთვის უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი შეძლებდნენ გამოეხატათ გულისტკივილი თუ შეშფოთება და წვლილი შეეტანათ საკუთარი თემების აღდგენასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.
ერთ-ერთი მონაწილე შემდეგნაირად აღწერს აღნიშნული პროგრამის შორს მიმავალ შედეგებს: „ახალგაზრდულ ცენტრში მე და ჩემმა მეგობრებმა იმდენი ვისწავლეთ და ვიმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ ახლა თავისუფლად შეგვიძლია დავეხმაროთ მომავალ თაობას. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ იგრძნონ და განიცადონ ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ან მოუწიოთ იმასთან გამკლავება, რასაც ჩვენ გავუმკლავდით“. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც მოზარდი გოგოები და ახალგაზრდა ქალები ხელმძღვანელობენ, რომლებიც მათ ლიდერებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და მათ ადვოკატირების უნარების გამომუშავებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ თანამშრომლობს UNFPA ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და ახალგაზრდა აქტივისტებთან, რომელთა პრიორიტეტებიც მოიცავს ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და მათი უფლებების დაცვას, განვითარების შესაძლებლობებით მათ უზრუნველყოფას, აგრეთვე, გარემოს დაცვას. როცა გოგო დგამს ნაბიჯს მის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მსოფლიო მის გვერდითაა – რომ მსოფლიო მზადაა არა იმისთვის, რომ მას გაუკვალოს გზა, არამედ იმისთვის, რომ მასთან ერთად გაკვალოს ეს გზა. დღეს, გოგოების საერთაშორისო დღეს, მოვუწოდებთ ყველას, დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა თუ მხარეში მცხოვრები ნებისმიერი მოზარდი გოგოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვაზე; დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველა გოგომ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა; დავდოთ პირობა, რომ ამას გავაკეთებთ მათთან ერთად და მათთვის – მათი და მათი თემების ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად. ისინი ამას ჭეშმარიტად იმსახურებენ“, – განაცხადა დიენე კეიტამ.
