დღეს გამოცხადდება განაჩენი ექიმ გიორგი ახობაძის საქმეზე

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე გამოცხადდება.
საქმეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განიხილავს, რომელსაც განაჩენის 25 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა სხდომა ერთი კვირით გადადო.
წინა სხდომაზე გიორგი ახობაძემ დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. მისი და დაცვის მხარის პოზიციით, ექიმს ნარკოტიკი სამართალდამცავებმა ჩაუდეს, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებულებები ფაბრიკაციას ეფუძნება:
„ნარკოტესტი არ ჩამიტარეს, რადგან იცოდნენ, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ ვიყავი… ნივთს რომ ხელი მოკიდო, მასზე დნმ კვალი უნდა დარჩეს – კვალი გაყალბებულია“, — განაცხადა ბრალდებულმა.
გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს. მას ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი), რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.