დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება.
კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და სწორედ მათი მმართველობის პერიოდში ჩამოიშალა საქართველოს ინსტიტუტები და შეირყა მისი სუვერენიტეტი.
განცხადებაში ასევე საუბარია აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობისა და მათი დაპატიმრების შესახებ.
“საქართველო ოდესღაც აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ დაშალა საქართველოს ინსტიტუტები და კიდევ უფრო შეარყია საქართველოს სუვერენიტეტი ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად, აშშ-ის ბიზნესებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობისა და ცენტრალური აზიის იშვიათი მიწების მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დააპატიმრეს ოპოზიცია, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომლებიც ფართოდ არალეგიტიმურად იქნა მიჩნეული. ეს დაუყოვნებლივ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ინტერესებს რეგიონში”, – აცხადებს ჰელსინკის კომისია.
განცხადების მიხედვით, მოსმენაზე ასევე განხილული იქნება აშშ-ის პოლიტიკური ვარიანტები საქართველოს მიმართ, მათ შორის, MEGOBARI Act-ის მიღების საკითხი.
“ეს მოსმენა განიხილავს საქართველოს ავტორიტარიზმში ჩავარდნის გლობალურ შედეგებს. მოწმეები ასევე შეისწავლიან აშშ-ის პოლიტიკის ვარიანტებს, როგორიცაა ორპარტიული MEGOBARI აქტის მიღება, რათა დაეხმაროს საქართველოს მოსახლეობას, როდესაც ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა“, – წერია განცხადებაში.
ცნობილია, რომ დღეს კომისიაში მოუსმენენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინათინ ხიდაშელს და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ლუკ კოფის.
