„დღეს ამ ქვეყნის მთავარი ჭირი არის კორუფცია და კვალიფიკაციის დაცემა“ – ლევან კობერიძე

კომპანია BRANDING.GE-ს დამფუძნებელი, ბიზნეს-კონსულტანტი ლევან კობერიძე ქვეყნის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებად კორუფციას და კვალიფიკაციის დაცემას ასახელებს. როგორც ლევან კობერიძემ გადაცემა „წერტილში“ განაცხადა კონიუნქტურული გახდა ბიზნესიც.

„დღეს ამ ქვეყნის მთავარი ჭირი არის კორუფცია და კვალიფიკაციის დაცემა, ყველგან ყველაფერში შეიმჩნევა ეს. ბიზნესიც კი კონიუნქტურული გახდა. ბიზნესისთვის მთავარი ხდება, რომ შევიდეს გარიგებაში მთავრობასთან, ბიუჯეტიდან დიდი ტენდერი მოიგოს და მეტი არაფერი აინტერესებს.
მე ბრენდინგის სპეციალისტი ვარ და ვხედავ რა ხდება ბიზნეს გარემოში. ამ ბიზნესში ვარ 2006 წლიდან და წინა წლებში გაცილებით მაღალი იყო მოთხოვნა კლასზე, ანუ კონკურენცია განვითარებაზე და ასე შემდეგ, დღეს ეს აღარ არის. ბაზრები არის ოლიგოპოლიური და სიტუაცია ნელ-ნელა იკეტება. ეს მოსახლეობას უჯდება გაძვირებულ ფასებად, უფრო მძიმე ცხოვრებად. კაპიტალის ბაზრის განვითარება არ ხდება, ბანკების მოგება 2.5 მილიარდი ლარია, მათ მოგებას არ ვერჩი, თუ ხალხიც მოგებულია, მაგრამ დღეს ფაქტობრივად ფინანსური რესურსი არის გადაკეტილი, არ ხდება კონკურენციის გახსნა.
ქვეყანას განვითარებისთვის სჭირდება განათლება, პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. ვინც კი ჭკვიანია სამინისტროებში, ცდილობს ნაკლებად ჭკვიანი გამოჩნდეს, რომ ვინმეს ზედმეტად ხელი არ შეუშალოს. აქცენტი ჭკვიან ადამიანებზე უნდა გაკეთდეს, საჭიროა მათთვის მეტი შესაძლებლობების მიცემა“- განაცხადა ლევან კობერიძემ.