დღესდღეობით, მთელ ქვეყანაში საპროექტო ორგანიზაციების კომპეტენტურობის პრობლემაა, – ამის შესახებ სამშენებლო სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას “დიკა 2010” – ის დამფუძნებელმა, ნათია ხვედელიძემ BMG-სთან განაცხადა.
მისი ინფორმაციით, არასწორად შესრულებული პროექტები, თავად სამშენებლო კომპანიების მიერ შესრულებულ საქმიანობაზე, ვადების გადავადებასა და მთელ რიგ პრობლემებზე აისახება.
„დღესდღეობით, მთელ ქვეყანაში არის საპროექტო ორგანიზაციების კომპეტენტურობის პრობლემა, რაც შემდგომში ჩვენს მიერ განხორციელებულ სამუშაოებსა და ვადების გადავადებაზე აისახება. არის რიგი შემთხვევებიც, როდესაც ჩვენც გვიწევს პროექტების გაკეთება და ამაში რესურსის დახარჯვა. თუმცა, დამკვეთები ამაში მაქსიმალურად გვიწყობენ ხელს. საბოლოო ჯამში მაინც ინფრასტრუქტურული პროექტები და შემსრულებელი კომპანია ზიანდება”, – ამბობს ხვედელიძე.
ამასთან, ის ხაზს უსვამს ფასწარმოქმნის პრობლემას, რომელიც არა მხოლოდ თბილისი მერიის პროექტებს, არამედ ზოგადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხებათ.
“ვისურვებდი, რომ პროექტები და ფასწარმოქმნა უფრო დახვეწილი ყოფილიყო. არა მარტო თბილისის მერიის პროექტებთან მიმართებით, არამედ, ზოგადად ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებით. ყველაზე დიდი ბარიერი ჩვენთვის არის ფასწარმოქმნა. არის შემთხვევები, როდესაც ტენდერები აბსოლუტურად არაადეკვატურ ფასად იდება. შემდეგი გამოწვევა, რომელიც პროცესს აფერხებს არის პროექტების სრულყოფა”, – აცხადებს შპს “დიკა 2010” – ის დამფუძნებელი.
bm.ge
