მომღერალ აჩიკო მეფარიძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაზარალებული, ლელა ჯუღელი დაიკითხა, რომელიც მომღერალს ძალადობაში ადანაშაულებს.
თავად ბრალდებული სხდომებს არ ესწრება. სასამართლოს ქალმა უთხრა, რომ არასდროს თავი ისე დაუცველად და შეშინებულად არ უგრძნია, როცა შემთხვევის დროს.
“ეს არ იყო ჩემი ბრალი, რომ შეიქმნა საცობი, მანამდეც იყო ეს საცობი და ვცდილობდი პარკირება მომეხდინა. გადასარევი ამინდი იყო და ფანჯარა მქონდა ჩაწეული. […] ამ დროს, დიდი მანქანიდან, იმწუთასვე ვიცანი ჩემდა სამწუხაროდ ადამიანი, რაღაც მომაძახა, შევხედე, დავინახე, მივხვდი და შენ ვინ გეკითხება, აქ მორჩა დიალოგი. […] უნდა ამეღო ხელჩანთა, მოულოდნელად მოდის ეს ადამიანი, პირდაპირ ლანძღვა გინებით, ალბათ გაბრაზდა, რომ მის აღმატებულებას ბოდიში არ მოვუხადე, და იწყებს უშვერი სიტყვებით გინებას, არ მომცა საშუალება, მომეპარა, ეს არის ყველაზე საშიში ჩემთვის, არ ვიყავი არაფრისთვის მზად, მომეპარა, დაიწყო გინება და არ მაძლევს საშუალებას, რომ მე მანქანიდან გადმოვიდე, ხელი უჭირავს რომ მინაც ვერ ავწიო, იწყება გინება და პირდაპირ ფიზიკურად ძალადობს ჩემზე. ჯერ წიხლი დაარტყა მანქანას, და აი ამ ფიზიკური დარტყმისას, პარალელურად არის ჩემი შეშინების მცდელობა, რომ ჩაგარტყამ, დაგამახინჯებ. პირველი წიხლი ავიცდინე, შემდეგ მოდის უკვე მუშტების რტყმა, მიზანმიმართულად სახეში მომხვდა უზარმაზარი მუშტი”, – მოყვა ქალმა.
მისი თქმით, ყურზე აქვს ოპერაცია გაკეთებული და მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო დარტყმა.
“დღემდე შეშინებული ვარ, მანქანაზე ვერ ვჯდებოდი ძალიან დიდი ხანი. ახლა, სიმართლეს ვიძახი, რომ ვჯდები, პირველი ვასწორებ სარკეს, რომ ვინმე ხომ არ მეპარება უკნიდან. […] დღემდე ყურში მაქვს მუქარის სიტყვები “ჩაგაკლავ”, – თქვა დაზარალებულმა.
ცნობისთვის, შემთხვევა აპრილში მოხდა, დაპირიპსირება საპარკინგე სივრცეში დაიწყო, ქალი ამბობდა, რომ მეფარიძემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, მეფარიძემ ჯერ მანქანას დაარტყა წიხლი, შემდეგ კი თავს დაესხა. არსებობს ინციდენტის ამსახველი კადრებიც.
მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.
