„დღემდე ვერ დარეგულირდა საქართველოში შიდა რეისები“ – გიორგი კოდუა

„დღემდე ვერ დარეგულირდა საქართველოში შიდა რეისები“ – გიორგი კოდუა
„დღემდე ვერ დარეგულირდა საქართველოში შიდა რეისები“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა და ისაუბრა იმ გზებზე, რითაც შიდა ფრენების განვითარებაა შესაძლებელი.
როგორც კოდუა აღნიშნავს, დღეს არსებული ვითარება აჩვენებს, რომ ქვეყანაში ვერ განვითარდა შიდა ფრენების მიმართულება და მის ძირითადი მიზეზი არასწორი გათვლაა.
„ვერ განვითარდა შიდა ფრენები, ამ საკითხს სჭირდება სპეციალური მიდგომა. მე ამასთან დაკავშირებით მაქვს შემუშავებული მეთოდი, თუ როგორი უნდა იყოს შიდა ფრენები, მაგრამ ახლა ჩემს კომერციაზე არ ვისაუბრებ. მოცემულობა არის ასეთი, ვხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში შიდა ფრენების კუთხით არ გვაქვს შედეგი, არ გვაქვს იმიტომ, რომ არ არის სწორად გათვლილი შიდა რეისები, სწორად არ არის შერჩეული თვითმფრინავის ტიპი და ა.შ. მე რომ მკითხოთ, ძალიან საჭიროა თბილის-ს რეისი და ეს რეისი იმუშავებს კიდეც, რადგან არის ის სეგმენტი, რომელსაც 5 საათი ავტომობილით გზაში ყოფნას ურჩევნია გადაფრენა. რაც არ უნდა კარგი გზები იყოს, დადგენილ 110 კმ.სთ-ს გადააჭარბებ თუ არა, მოდის ჯარიმა, 500 ლარამდე შეიძლება აგივიდეს ჯარიმები სანამ კარგი ავტომობილი თბილისიდან ბათუმში ჩახვალ. გზები გააკეთეს და 110 კმ.სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება არ არის დაშვებული. ვისაც ფული აქვს და ჩასვლა ეჩქარება თბილისიდან ბათუმში, ურჩევნია რომ გადაიხადოს ეს თანხა დამატებით რისკების, ჯარიმების და 5-საათიანი გზის გარეშე, იყიდოს პირობითად 100 დოლარად ავიაბილეთი და 30 წუთში ჩაფრინდეს ბათუმში, მთელი დღე დაყოს ქალაქში და თუნდაც საღამოს დაბრუნდეს თბილისში. მთელ ამ პროცესს საშუალოდ 10 საათის ნაცვლად, 1 საათი დასჭირდებოდა“, – აღნიშნავს გიორგი კოდუა.
მისი თქმით, იმისთვის რომ შიდა ფრენები განვითარდეს, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, როგორი თვითმფრინავით უნდა განხორციელდეს რეისები, რომ ფრენა ეკონომიკურად გამართლებული და ეფექტური იყო.
„შიდა ფრენების ეფექტურად განსახორციელებლად, ჯერ უნდა განისაზღვროს, რა ტიპის თვითმფრინავია შესაფერისი ამ მარშრუტზე, რომელი იქნება ეკონომიკურად ეფექტური და ა.შ. საკითხს უნდა მივუდგეთ ავიაციის ენით და არა კორუფციის და შიდა გარიგებების კუთხით. შიდა ფრენები ისეთი საკითხია, სწორად უნდა იყოს გათვლილი, ეფექტურად რომ იმუშაოს. რადგან ვერ მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ არასწორადაა გათვლილი. ფაქტი ის არის, რომ დღემდე ვერ დარეგულირდა შიდა რეისები. ვფიქრობ, რომ იმუშავებდა თბილის-ბათუმის რეისი, ასევე, შესაძლოა, თბილისი-ქუთაისმაც იმუშაოს, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს იყო თბილისი-ქუთაისის რეისი, ასევე კარგი იქნება თბილისი-მესტიაც. შიდა რეისებზე თუ ჯანსაღად და არა გარიგების ენით, დაელაპარაკებიან ბიზნესს, ეს თემა გამოვა და არ ჩავარდა – დღეს ქვეყანაში არ არის ჯანსაღი კონკურენცია“, – ამბობს გიორგი კოდუა.
როგორც მანვე აღნიშნა, შიდა ფრენების განვითარება შესაძლებელია განიხილებოდეს რეგიონულ და საერთაშორისო ჭრილში. მაგალითად, კოდუას თქმით, მზაობის შემთხვევაში შესაძლებელია თბილისიდან ქუთაისში შიდა ფრენა, აქედან კი ევროპის მიმართულებით გადასვლა. მისი თქმით, მსგავსი ტიპის პროექტი ხელს შეუწყობს შიდა ფრენების განვითარებას.
„გვაქვს შესაძლებელი, რომ კარგად იმუშაოს თბილისი-ბათუმის რეისმა, ამას მოჰყვება თბილისი-ქუთაისიც. წარმოიდგინეთ როგორი იქნება, თბილისიდან რომ ქუთაისში გადაფრინდეს მგზავრი და შემდეგ ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით წავიდეს, თუმცა თუ უვიზო გაგვიუქმდა, ამ შესაძლებლობას უნდა დავემშვიდობოთ. ქუთაისიდან პარიზი დაახლოებით 600 ლარი ღირს, დაამატეთ 100 ლარი თბილისიდან ქუთაისში ფრენის – უხეში დათვლით 700 ლარად შეიკვრებოდა თბილისი-ქუთაისი-პარიზის რეისი. ამ მარშრუტს შეიძლება დამატებოდა მაგალითად ერევანი. რეგიონული პროექტი ჰქონდა ამ კუთხით შემუშავებული HUB Georgia-ს. ეს პროექტი დაგვეხმარებოდა, რომ ავიამიმოსვლით რეგიონი შეგვეკრა. ამაზე ახლა არავინ მუშაობს – რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოზეა დამოკიდებული, მას თუ აქვს მზაობა და უნდა რომ ტურიზმი განავითაროს, რეგიონულ პროექტზე უნდა მუშაობდეს“, – განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გიორგი კოდუამ.
შეგახსენებთ, საქართველოში შიდა ფრენებს ძირითადად AK-Air Georgia ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება 2018 წელს 4 წლის ვადით გაუფორმდა. მოგვიანებით მთავრობის დადგენილებით ხელშეკრულების ვადა რამდენჯერმე დაკორექტირდა. ბოლო შეთანხმებით, AK-Air Georgia-ს ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე აქვს.