დღეიდან სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობის გამოუყენებლობაზე ჯარიმები ამოქმედდება

დღეიდან, 2025 წლის 4 იანვრიდან, გზისპირა ზონებში გარკვეული ტრანსპორტი სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენებაზე შემოწმდება. განსაზღვრულია ჯარიმებიც, იმ შემთხვევაში თუ იმ სატრანსპორტო საშუალებას ვისაც ვალდებულება აქვს, მსგავსი მოწყობილობა არ ექნება. აღნიშნულს გულისხმობს “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში 2024 წლის გაზაფხულზე შეტანილი ცვლილებები.
საუბარია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გადამზიდავების საგზაო ინსპექტირებაზე. კერძოდ, ცვლილების თანახმად, გზისპირა ზონებში M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი. აღსანიშნავია, ისიც, რომ ეს სიახლე არ გავრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე.
კანონის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ისეთი დარღვევები, შემთხვევაში, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების დარღვევა, მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დარღვევა, საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოუყენებლობა, საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დარღვევა; საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტის გამოყენების წესების არ დაცვა, ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დარღვევა (მოწმდება ასევე სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები), ფულადი სანქციებია განსაზღვრული.
კერძოდ, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვკითხულობთ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი სხვადასასხვა ტიპის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 300-იდან 5000 ლარამდე.
რაც შეეხება იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც შეეხება ეს ცვლილებები, მათ შორის სიჩქარის შემზღუდველ მოწყობილობებზე შემოწმება, ზემოთჩამოთვლილი კატეგორიები შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს გულისხმობს:
· M2 – 5 ტონამდე მასის 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება;
· M3 – 5 ტონაზე მეტი მასის 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება;
· N1 – 3.5 ტონამდე მასის ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება;
· N2 – 3.5-დან 12 ტონამდე მასის ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება;
· N3 – 12 ტონაზე მეტი მასის ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება;
· O3 – 3.5-და 10 ტონამდე მასის მისაბმელები და ნახევარმისაბმელები – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი;
· O4 – 10 ტონაზე მეტი მასის მისაბმელები და ნახევარმისაბმელები – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი.
წყარო: bpn.ge