ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შემოდგომა საუკეთესო პერიოდია – თვეში ორჯერ ნაკრები იასპარეზებს, ამას კი დატვირთული საკლუბო პერიოდი ემატება. ქვეყნების ჩემპიონატების პარალელურად, საკლუბო ტურნირებიც იწყება, სადაც სიახლეებიც გვაქვს.
კრიშტიანო რონალდოს საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ, როგორც ამ ქვეყნის ჩემპიონატის (სადაც სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც გამოდიან), ასევე აზიის ჩემპიონთა ლიგის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ახლა ამას ქართული ფაქტორიც ემატება – ეროვნული გუნდის მცველი გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონ “პერსეპოლისთან” ერთად აზიის გამორჩეულ კლუბებს გაეჯიბრება. აქ იქნება გიორგი არაბიძე სამხრეთ კორეის საუკეთესო კლუბ “ულსანთან” ერთად, ამ
გუნდის ყოფილი წევრი ვაკო ყაზაიშვილი ჩინური “შანდონგ ტაიშანის” რიგებში და ბექა მიქელთაძე ჩინურ “გვანჯუში”.
აზიის ჩემპიონთა ლიგა დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებადაა დაყოფილი. თითოეულში 12 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 8 საუკეთესო პლეი-ოფში გავა. “პერსეპოლისი” დასავლეთის ზონაშია, სადაც პირველ შეხვედრაში საუდის არაბეთის “ალ აჰლისთან” სტუმრად, “კინგ აბდულაზე” (0:1) დამარცხდა.
“პერსეპოლისის” რიგებში 23 წლის უზბეკს, ოსტუნ ორუნოვს გამოვარჩევდით, რაც შეხვედრამაც დაამტკიცა. რაც შეეხება 33 წლის გველესიანს, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, დამაჯერებელი თამაშით გამოირჩევა.
პირველი მოწინააღმდეგის, “ალ აჰლის” რიგებში “ჩელსის” ექსმეკარე მენდი, “ლესტერისა” და “სიტის” ყოფილი შემტევი მაჰრეზი და ერთ დროს “ლივერპულელი” ფირმინო ვნახეთ.
დასავლეთ ზონაშია უკვე ნახსენები რონალდოს “ალ ნასრი”; კიდევ ერთ არაბულ კლუბ “ალ ჰილალში” მეკარე ბონო, კანსელუ, კულიბალი, მილინკოვიჩ-სავიჩი და მიტროვიჩი ასპარეზობენ; უზბეკეთის “ფახთაქორი”, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ შოთა არველაძე წვრთნიდა. გველესიანის გუნდი მეორე ტურში სწორედ მათ უმასპინძლებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთს, აქ გიორგი არაბიძის “ულსან ჰიუნდაი” გამოვა, ქართველი ფეხბურთელი კი ვაკო ყაზაიშვილის გზას განაგრძობს. სამხრეთკორეელებს პირველი შეხვედრა იაპონურ “კავასაკისთან” ოთხშაბათს, 18 სექტემბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე აქვთ. არაბიძე გუნდს მშვენივრად მოერგო და 3 შეხვედრაში 2 გოლის ავტორია.
თავად ყაზაიშვილის ახალი კლუბი, ჩინური “შანდონგ ტაიშანი”, დღეს, ჩვენი დროით 14:00 საათზე, ავსტრალიის “ცენტრალ ქუოსთ მარინერს” უმასპინძლებს. ვაკო შედეგიანია, მისი გუნდი კი 25 ტურის შემდეგ ჩინეთის სუპერლიგაში მეხუთე ადგილზეა.
ბექა მიქელთაძეს იმდენი ვეღარ გააქვს, რამდენიც ავსტრალიაში და იმედია, ამას გამოასწორებს. მისი “გვანჯუს” პირველი მეტოქე იაპონური “იოკოჰამა” იქნება – ასევე დღეს, 14:00 საათზე.
მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა, რომლის მოქმედი გამარჯვებული კვლავ მადრიდის “რეალია”, ახალი ფორმატით, ჯგუფური ეტაპის გარეშე ჩატარდება.
რადგანაც სიახლე გვაქვს, ყველაფერი კიდევ ერთხელ ავხსნათ – თითოეული გუნდი 4 საშინაო და 4 გასვლით მატჩს სხვადასხვა გუნდთან ჩაატარებს, რის შემდეგაც საბოლოო, ერთიანი ცხრილი ჩამოყალიბდება. ამ ცხრილის პირველი რვა გუნდი პირდაპირ მერვედფინალში ითამაშებს, მომდევნო ორი რვა კი მათ მეტოქეს ერთმანეთში გაარკვევს.
უფრო მეტი დაძაბული და საინტერესო შეხვედრა უნდა ვნახოთ, თანაც, განსხვავებული წყვილებით.
ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში 3 ქართველს ვნახავთ – გურამ კაშიას “სლოვანი”, ირაკლი აზაროვის “შახტარი” და ოთარ კიტეიშვილის “შტურმი”. სამწუხაროდ, ბოლო ორი სეზონისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი ცოტა ხნის წინ ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდად დასახელებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაივლის, “ნაპოლიმ” ევროტურნირებზე გასვლა ვერ მოახერხა.
ქართველებიდან პირველი საქმეში აზაროვს ვიხილავთ – ოთხშაბათს, 18 სექტემბერს, 20:45 საათზე, რა დროსაც მხოლოდ ორი დაპირისპირება იმართება, დონეცკური კლუბი იტალიაში “ბოლონიას” ესტუმრება.
ლიგის ფაზაში, რომელიც ჯგუფური ეტაპის ნაცვლად უნდა გამოვიყენოთ, “შახტარი” “ატალანტას” გელზერკირხენში, “ფელტინს არენაზე” უმასპინძლებს, სადაც საშინაო შეხვედრებს ჩაატარებს, “არსენალს” ესტუმრება, “იანგ ბოისს” დაუხვდება, რასაც პსვ-სთან სტუმრობა მოჰყვება. ირაკლი და მისი თანაგუნდელები გერმანიაში ნომინალური მასპინძლის სტატუსით მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდებიან, შემდეგ მაინც ყველაზე სასურველ მეტოქეს, ფრანგულ “ბრესტს” მიიღებენ, ბოლოს კი “სიგნალ იდუნა პარკზე” ურთიერთობას დორტმუნდის “ბორუსიასთან” გაარკვევენ.
ოთხშაბათს, უკვე 22:45 საათზე (ჩვენი დრო), ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი “სლოვანი” “სელტიკს” შოტლანდიაში ესტუმრება. გურამ კაშიას გუნდს პირველ ოქტომბერს ბევრად რთული ამოცანა აქვს, როცა “მანჩესტერ სიტის” უნდა დაუხვდნენ.
ბრატისლაველების მოწინააღმდეგეები – “ჟირონა” (სტუმრად), ზაგრების “დინამო” (შინ), “მილანი” (შ), “ატლეტიკო” (ს), “შტუტგარტი” (შ), “ბაიერნი” (ს).
ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი სიახლე ისაა, რამდენიმე ტური სამ დღეზე ჩატარდება, მაგ დროს ევროპა და კონფერენს ლიგა დაისვენებს. ერთ-ერთი ასეთი სწორედ პირველი სათამაშო კვირაა. ასე მაქსიმალურად ბევრ რეპორტაჟს ვნახავთ. ამავდროულად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ტურში ყველა მატჩი ერთდროულად ჩატარდება, როგორც ეს ქვეყნების ჩემპიონატებში ხდება.
სწორედ ხუთშაბათს, 23:00 საათზე ითამაშებს “შტურმი”, რომელიც ფრანგულ “ბრესტს” ესტუმრება. ოთარ კიტეიშვილის გუნდს შედარებით გაუმართლა და მეორე ტურში “ბრიუგეს” უმასპინძლებს.
ავსტრიელები მესამე ტურსაც საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ, პორტუგალიური “სპორტინგის” წინააღმდეგ. “დორტმუნდი” (ს), “ჟირონა” (შ), “ლილი” (ს), “ატალანტა” (ს), “ლაიპციგი” (შ).
უეფას მთავარი საკლუბო ტურნირის პირველ ტურში რამდენიმე დაპირისპირებას გამოვარჩევთ. პირველ სათამაშო დღეს, 17 სექტემბერს, 20:45 საათზე, ტურინის “იუვენტუსი” პსვ-ს დაუხვდება. დღეს საღამოსვე, უკვე 23:00 საათზე, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი კლასიკაა – “მილანი” “ლივერპულის” წინააღმდეგ.
2007 წელს, ფინალში, “მილანის” გამარჯვების შემდეგ, უპირატესობა აშკარად ლივერპულელთა მხარესაა. გარკვეული კრიზისი მერსისაიდელებმა დაძლიეს და იმედია, მძლავრ მილანელებსაც ვიხილავთ; ამავე დროს, “რეალი” “შტუტგარტს” უმასპინძლებს – კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრს “სამეფო კლუბთან” ერთად იწყებს.
ოთხშაბათი, 23:00 სთ, მანჩესტერ სიტი – ინტერი;
ხუთშაბათი, 23:00 სთ, მონაკო – ბარსელონა.