დღეიდან კერძო სამედიცინო დაწესებულებებს ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება აეკრძალათ

15 აგვისტოდან ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადადის და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს ეკრძალება.
ბენეფიციართა რეგისტრაცია კერძო დაწესებულებებიდან სახელმწიფო პროგრამაში გადასვლის მიზნით 11 აგვისტოს დასრულდა.
რამდენიმე დღის წინ ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ სახელმწიფო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ცენტრები სრულ მზადყოფნაში არიან როგორც კვალიფიციური სამედიცინო გუნდის, ასევე საჭირო მედიკამენტებისა და ინფრასტრუქტურული კუთხით.
კანონის ცვლილების ინიციატორთა განცხადებით, კერძო დაწესებულებები
დაინტერესებულნი იყვნენ არა პაციენტის განკურნებით, არამედ მეტი შემოსავლის მიღებით. ამიტომ, რიგ შემთხვევებში არ ამცირებდნენ პრეპარატის დოზას.