დღეიდან, ავტორიტარიზმის გაცილებით მძიმე ფაზაში ვიცხოვრებთ,ორგანიზების დროა – ვახუშტი მენაბდე

იურისტის, კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის, შეფასებით, დღეიდან, ავტორიტარიზმის გაცილებით მძიმე ფაზაში ვიცხოვრებთ. როგორც მან სოციალურ ქსელში საპარლამენტო ს წინასწარ შედეგების შეფასებისას დაწერა, „ორგანიზების დროა”.
ვახუშტი მენაბდის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ოცნებამ“ თქვა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას უკან აღარ წაიღებს. დღეიდან, უკვე ავტორიტარიზმის სრულიად ახალ და გაცილებით მძიმე ფაზაში ვიცხოვრებთ. კარგა ხანია, ძალაუფლება უზურპირებულია და არჩევნების შედეგებმა ეს უბრალოდ გააფორმა (იმის მიუხედავად გუშინ რა მასშტაბის იყო დარღვევები). სულ ცოტა გაზაფხულის შემდეგ ეს ნათელზე ნათელია.
ამიტომ ახლა მთავარი სტრატეგია ვერ იქნება პარტიების მიმართ დამუნათებაშერეული მოწოდებები: “ჩვენი ხმები უნდა დაიცვათ!” “მტკიცებულებები მოაგროვეთ გაყალბების!” – ეს პასუხისმგებლობის გადაბარებაა (და ცოტა ფრუსტრაციის გემო დაჰკრავს), მაშინ როცა პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს.
„ოცნებამ“ საზოგადოება ორად გაყო, მისი ერთი ნაწილი, გამოაცალკევა და არაკეთილსაიმედო მოქალაქედ გამოაცხადა, ამავდროულად კი მთელი პოლიტიკური სისტემა მიიტაცა. არჩევნების შედეგები ამ ოპერაციის დასასრულია უბრალოდ. ამ ოპერაციის შედეგად მან გადაჭრა ჩვენი კავშირი ჩვენს ქვეყანასთან, როგორც პოლიტიკურ საზოგადოებასთან.
ის, რაც ჩვენ მოქალაქეებად გვაქცევდა, რასთან მიმართებით საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, განვსაზღვრავდით ხელისუფლებამ გაანადგურა. ეს “ჩვენ” ოცნებისვე სტატისტიკითაც კი ამ ქვეყნის ნახევარი ვართ (და ისე კი ბევრად მეტი) და გვევალება ერთმანეთი ვიპოვოთ.
ახლა ჩვენი, როგორც მოქალაქეების, ერთადერთი ამოცანაა ეს გაწყვეტილი კავშირი აღვადგინოთ და ამას ვერავის ვერ გადავაბარებთ. ამ კავშირის აღდგენის გზაზე შეიძლება ბევრი რამე გვეღობებოდეს, მაგრამ „ქართული ოცნება“ მათგან პირველია.
ამდენად ახლა ჩვენი ფიქრი, მოქმედება და ენერგია მიმართული უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური ადგილის დაბრუნებისკენ, ჩვენი ქვეყნის დაბრუნებისკენ, ამ გადაჭრილი კავშირის აღდგენისკენ. ეს როგორ გავაკეთოთ ამას ვერც სადამკვირვებლო ორგანიზაციები გვეტყვიან, ვერც ეუთო და ვერც არსებული პარტიები.
ტყუილად ველოდებით მათ, მუშაობა დღესვე უნდა დავიწყოთ, რესურსები უნდა გავაერთიანოთ, გრძელი და რთული გზა გვექნება გასავლელი და მზად უნდა ვიყოთ.
ჩვენ არ გვჭირდება ფუჭი იმედები, რომ ვიღაცა გამოააშკარავებს, დაიცავს, უზურპატორს დაამარცხებს, რადგან ყველაფერი უკვე ხელის გულზე დევს, ნათელია, რაც დასაცავია და ისიც ვიცით, რომ ამას ნება სჭირდება, გამარჯვების ნება.
ეს არის განსხვავება ნებას და იმედს შორის. იმედს სხვა გაძლევს და ნება შენში ყალიბდება. იმედი შეიძლება გაიფანტოს, მაგრამ ვინმე თქვენგანი ფიქრობს, რომ სურვილი – დაიცვა საკუთარი ღირსება და დემოკრატია – შეიძლება გაუქრეს?!“, – წერს ვახუშტი მენაბდე.
ცნობისთვის, ს ინფორმაციით, 10:30 საათისთვის, ამომრჩეველთა 99.64%-ის ხმები ასე ნაწილდება:
· “ქართული ოცნება” – 54.08%
· “კოალიცია ცვლილებებისთვის” გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 10.92%
· “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10.12%
· “ძლიერი საქართველო” – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 8.78%
· “გახარია საქართველოსთვის” – 7.76%
შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველომ XI მოწვევის პარლამენტი აირჩია. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდა, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-მა ხმა ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.
სად წავა და როგორ გადანაწილდება ბარიერს მიღმა დარჩენილ პარტიებზე მიცემული ხმები, გაიგეთ აქ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდა. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს აშუქებდა 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდა.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
რაც შეეხება, პარტიების დაფინანსებას, პოლიტიკურ პარტიები პოლიტიკურ შემოწირულობებთან ერთად სახელმწიფოსგან გარანტირებულ საბიუჯეტო დაფინანსებასაც იღებენ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე მათ შედეგებზე არის მიბმული, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გადახედვას ყოველ 4 წელში, საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ექვემდებარება. ამ მიზნისთვის ცესკო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე ყოველწლიურად 12,742,941 ლარის დაფინანსებას გასცემს.
როგორ ნაწილდება არსებული დაფინანსება, გაეცანით აქ